თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. რუსეთმა მოუწოდა ადამიანთა უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს კირილ ვიშინსკის საქმე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის მრჩეველმა ევგენი უსტინოვმა რუსი ჟურნალისტის საქმეს გაყალბებული უწოდა.
„სპეციალური მომხსენებლებისგან სიტყვისა და პრესის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე დროულ და მიუკერძოებელ რეაქციას ველოდებით“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
მანამდე კი მოსკოვმა კიევს ტელე- და რადიოკონტენტის ფორმირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიზიარეს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთება უკრაინაში ჟურნალისტების შევიწროებასთან დაკავშირებით.
ვიშინსკის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკრაინაში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ის სახელმწიფო ღალატის და დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერის ბრალდებით მისივე სახლთან კიევში დააკავეს. ჟურნალისტს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ხერსონის საქალაქო სასამართლომ მას გირაოს განსაზღვრის გარეშე 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს მოსკოვში, უკრაინის საელჩოს შენობის წინ ვიშინსკის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის დაპატიმრებას „აბსოლუტურად უპრეცედენტო და დაუშვებელი“ უწოდა.