თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, მათ შორის, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის დასრულების ვადა გახანგრძლივდა, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მამუკა ბახტაძის მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება>>>
რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობის დასრულება, რომელიც 97-მდე ხიდისა და 53-მდე გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, 2021 წლისთვის იგეგმებოდა.
ცქიტიშვილის განმარტებით, რიკოთის ავტობანის პროექტის ღირებულება, რომელიც თავდაპირველად 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა, დაახლოებით 300 მლნ ევროთი გაიზრდება.
„დაზუსტდა პროექტი, ასევე საჭირო გახდა ამ პროექტის გახანგრძლივება 2022 წლამდე. ამასთან ერთად ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 300 მილიონი ევროთი", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის ასაშენებლად ტენდერი წელს გამოცხადდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11,7 კმ, ხევი–უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა–შორაპნის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ და შორაპანი–არგვეთის მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
იაპონური ტექნოლოგიები საქართველოში — აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასაზე სამუშაოები იწყება>>>
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება.
ავტობანი „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის სააგენტოსა (JICA) და ჩინეთის განვითარების ბანკის (CDB) მხარდაჭერით.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას კომიტეტების გაფართოებული სხდომების ფორმატში უსმენენ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე 14 ივნისს წარადგინა. მთავრობის ყველა წევრი ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებელია.
მამუკა ბახტაძემ გუშინ, 18 ივნისს საქართველოს პარლამენტს მიმართა თხოვნით, შემჭიდროებულ ვადაში, უახლოეს ორ დღეში განიხილოს და დაამტკიცოს სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა იმ ცვლილების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება პრემიერ-მინისტრის შეცვლას. ხოლო ვინაიდან სამინისტროების რაოდენობის შემცირება ცვლილებებს მოითხოვს კანონმდებლობაში, პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს სთავაზობს – მთავრობის ახალი პროგრამის, ახალი სტრუქტურისა და მინისტრობის კანდიდატების განხილვა მოხდეს ორ–სამი კვირის შემდეგ.
ბახტაძის განცხადებით, ახალ პროგრამაში მთავარი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფცია იქნება, რაც გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ცვლილებები შეეხება 6 სამინისტროს და მათი რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.