თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ორშაბათს საქართველოში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უამინდობის გამო, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომბორის უღელტეხილზე, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
„საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პრობლემები თბილისშიც შეიქმნა.
„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით — მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, — ნათქვამია განცხადებაში.
წვიმის გამო, კვლავ დაიტბორა მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასასვლელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შემოსულია 205 შეტყობინება, ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.
პრობლემებია აგრეთვე დუშეთის რაიონში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები, სადაც ამ წუთებში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში, თუმცა ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები არ დაფიქსირებულა.
სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.