თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გურიის დაბა ლაითურში უცნობმა პირებმა ებრაელი ბიზნესმენი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ბიზნესმენსა და მის მეუღლეს სასტიკად სცემეს. ბოროტმოქმედები სასოფლო ინვენტარით, ნაჯახით, უროთი და ჩაქუჩით იყვნენ შეიარაღებულები.
იგორ ასკაროვის სახლში დამნაშავეები დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის შეიჭრნენ. იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა მისი მეუღლე, ლეილა ლომინაძე და რამდენიმე მეზობელიც, თუმცა დამნაშავეებს მეზობლებისთვის არ უცემიათ, ისინი მხოლოდ სკამებზე დააბეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ებრაელ ბიზნესმენს დაბა ლაითურში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ასკაროვი აცხადებს, რომ ეს მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი ნაცემია, მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
დამნაშავეებმა სახლიდან ოქროს სამკაული და 20 ლარი წაიღეს.
გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
2016 წლის დეკემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურმა იგორ ასკაროვის საცხოვრებელი სახლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო. მის წინააღმდეგ მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.