თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ტელეარხ Rustavi2-ზე მუსიკალური პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტმა საბა კემულარიამ მიღებული ფულადი ჯილდო სიმსივნით დაავადებულ რვა წლის ბავშვის სამკურნალოდ გადასცა.
ფულადი პრიზი საბას პროექტის ფინალის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გადაეცა. სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ნამდვილი ბუნტი ატეხეს და „მხოლოდ ქართულის“ გვერდზე ათასობით შეტყობინება დატოვეს, სადაც ფინალისტის სამართლიან შეფასებას მოითხოვდნენ.
პროექტის წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ერთად რამდენიმე დღეში საბას 5000 ლარის ჩეკი გადასცა.
„ამ თანხას მე ვერ მივიღებ, თუმცა „საქართველოს უნივერსიტეტის", „ნანუკას შოუს" და ჩემი სახელით გადავცეთ იმ ადამიანს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ეს არის 8 წლის ბექა ფიფია, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული და ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა", — განაცხადა საბა კემულარიამ.
ნანუკას განცხადებით, მაყურებლის პრეტენზიები სავსებით ობიექტურია და მან ყველაფერი გააკეთა სამართლიანობის აღსადგენად. ფულადი პრიზის გარდა, საბას ბეიონსეს და ჯეი ზის კონცერტზე მილანში ორი ბილეთი გადაეცა.
ხუთი კვირის განმავლობაში საბა მაყურებლის კენჭისყრის ლიდერი იყო. ფინალში მან მეორე ადგილი დაიკავა და ჟიურის და მაყურებლის ფავორიტს, ახალგაზრდა და ნიჭიერ სოფო ბათილაშვილს დაუთმო.
ფინალში სპონსორების და ორგანიზატორების ძირითადი პრიზები ერგო პროექტის გამარჯვებულს და ასევე ალექსანდრე მრელაშვილსა და კოსტა კარანაძეს, რომლებმაც მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს. რაც შეეხება საბას, მას პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელ „ისი პარის“ ვაუჩერი გადაეცა. ამან მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც ჩათვალა, რომ ჯილდოები არაობიექტურად გადანაწილდა. ასე, მაგალითად, კოსტა კარანაძემ Rustavi2-სგან 10 000 ევროს ჩეკი მიიღო.
„მხოლოდ ქართული" — ეს ტელეკომპანია Rustavi2-ის ახალი მუსიკალური პროექტია. სხვა მუსიკალური შოუებისგან განსხვავებით აქ მონაწილეები მხოლოდ ქართულენოვან კომპოზიციებს ასრულებენ.