თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ განკარგულება გამოსცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრობა — ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში >>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე ხუთშაბათს წარადგინა. მთავრობის ყველა წევრი ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებელია.
„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, — ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად და სამთავრობო პროგრამის მოსამზადებლად ბახტაძეს შვიდი დღე აქვს. შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი ამ მონაცემებს გაეცნობა და ნდობას გამოხატავს. ამისათვის პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.
მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამის შემდეგ, 2010 წელს მან მიხაილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ასევე INSEAD-ს ბიზნეს–სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია.
2005–2006 წლებში ბახტაძე სს “საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერი იყო, 2007–2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010–2012 წლებში ბახტაძე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013–2017 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.
მამუკა ბახტაძე: ჩემი ხედვა – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა >>
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პორტფელი მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა.