ქართული თოჯინები ჩინეთში – „არტ-ბანკ გალერიმ“ ქართველ მეთოჯინესთან კონტრაქტი გააფორმა

გამოწერა
„არტ-ბანკ გალერიმ“, რომელსაც თავისი გალერეა აქვს ლონდონში, ამსტერდამში, შანხაიში, სანქტ-პეტერბურგში, სიდნეისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, ქართველ მეთოჯინესთან მაკა გნოლიძესთან ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტის თანახმად, ქართველი ხელოვანის თოჯინები ამ ქალაქების გალერეებში 2018 წლიდან ათი წლის განმავლობაში გამოიფინება. ჩვენ დავუკავშირდით მაკა გნოლიძეს, რათა საქმის დეტალები დაგვეზუსტებინა.

© photo: courtesy of Mako Gnolidzeმაკო გნოლიძე
მაკო გნოლიძე  - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძე

– ქალბატონო მაკა, გილოცავთ ამ წარმატებას და, თუ შეიძლება, მოგვიყევით როგორ დაგიკავშირდათ „არტ-ბანკ გალერის“ წარმომადგენელი?

— საქმე ისაა, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით თავად „არტ-ბანკ გალერის“ დამაარსებელი დამიკავშირდა. ჩემამდე მათ ქართველი მხატვარ-აბსტრაქციონისტები მარიამ შაქარაშვილი და ბექა საყვარელიძე მიიწვიეს. მე „ფეისბუქზე“ მყავს ეს ბავშვები დამატებული და, როგორც ჩანს, მარიამმა „დამილაიქა“ ჩემი ერთი თოჯინის ფოტო, რომელიც ამ ადამიანს ამოუვარდა. ეს კაცი, ანუ „არტ-ბანკ გალერის“ დამაარსებელი (ნება მომეცით, გარკვეული მოსაზრების გამო ამ კაცის სახელი და გვარი არ დავასახელო) ამ გოგოს მეგობრებში ჰყავდა. ამ პიროვნებამ მეგობრობა გამომიგზავნა და მოგვიანებით მომწერა, რომ ბიზნეს-პროექტის თაობაზე საქმიანი წინადადება ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი გვერდი დაუთვალიერებია და თოჯინები მოეწონა.

© photo: courtesy of Mako Gnolidzeმაკო გნოლიძე
მაკო გნოლიძე  - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძე

– ხელშეკრულება რას ითვალისწინებს?

— მან დაახლოებით ხუთგვერდიანი ხელშეკრულება გამომიგზავნა და ის ჩემ მეგობარ იურისტებს გავაცანი. რამდენიმე პუნქტი დაზუსტებას მოითხოვდა. კერძოდ, „არტ-ბანკ გალერის“ აგენტი რომ მოგთხოვს თოჯინების კონკრეტულ რაოდენობას, ვალდებული ხარ, რომ მიაწოდო, მაგრამ ხელშეკრულებაში რაოდენობა ზუსტად არ იყო მითითებული. მე თოჯინა რომ გავაკეთო, ამისთვის ორი თვე მჭირდება და, მოკლედ, დროში, სიტყვაზე, ას ცალს, რასაკვირველია, ვერ გავამზადებ. ეს პუნქტი იყო დასაზუსტებელი. კიდევ ნამუშევარი „არტ-ბანკ გალერის“ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს და ამ პუნქტის დაკონკრეტებაც ვთხოვეთ. იურიდიული საკითხები მოვაგვარეთ და პატარა ნიუანსები დაგვრჩა. მინდა, რომ ამ პიროვნებას ჩინურად მივწერო, ამისთვის ჩემი მეგობრის შვილს, ჩინური ენის სპეციალისტს მივმართე და ჩინეთის საელჩოდან გამოვითხოვეთ პროგრამა, რომელზეც ჩინური კლავიატურაა. მასთან უშუალო კონტაქტი ხშირად ვერ ხერხდება, რადგან დროში ვერ ვემთხვევით – ჩვენთან რომ დღეა, იქ ღამეა. ჯერჯერობით მათ უნდათ, რომ გავუგზავნო ხუთი თოჯინა, რომელიც შანხაის „არტ–ბანკში“ გამოიფინება.

© photo: courtesy of Mako Gnolidzeმაკო გნოლიძე
მაკო გნოლიძე - Sputnik საქართველო
მაკო გნოლიძე

– უკვე შეარჩიეთ ჩინეთში გასაგზავნი თოჯინები? ტრანსპორტირება როგორ მოხდება?

— მე მირჩევნია, რომ დამჯდარი თოჯინები გავგზავნო, რათა ტრანსპორტირების დროს არ დაზიანდნენ. მათი DHL-ით გაგზავნა საკმაოდ ძვირია, თითო თოჯინა, დაახლოებით 200 დოლარამდე ჯდება. თუმცა გავიგე, რომ DHL-თან ჰქონიათ ხელშეკრულება გაფორმებული და მითხრეს, რომ სპონსორსაც მიშოვნიდნენ. რადგან ეს თავად შემომთავაზა, ალბათ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება. ამას წინათ ვხუმრობდი, რომელი ფიროსმანი დაინახა ჩემში–მეთქი, მაგრამ ახლობლებმა მითხრეს, რომ ის კაცი პროფესიონალია და ყველაფერს ხელოვანის თვალით უყურებს, ამიტომ შემთხვევით არავის არაფერს შესთავაზებს. ახლა ის პიროვნება აქტიურად მწერს. თვითონაც სურდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ მოახერხა. ძალიან მიხარია, ეს ამბავი საკმაოდ დიდი ნახტომია კარიერული წინსვლისთვის, რაზეც არასოდეს მიფიქრია. საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა ჩემი ნამუშევრებისთვის დიდი პერსპექტივაა…

ყველა ახალი ამბავი
0