თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან აცილებას ეხებოდა, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
იუსტიციის საბჭომ დოლიძე 6, 7 და 8 თებერვლის მოსმენებზე არ დაუშვა. მისი აცილება თავად მოსამართლეებმა — 14 ადამიანმა მოითხოვა. ამის მიზეზი დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს ეხებოდა, რომ სასამართლო სისტემა აუცილებელია გაიწმინდოს იუსტიციის ექს-მინისტრ „ადეიშვილის ნარჩენებისგან".
„საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადაო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან „საერთო სასამართლოების შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.
„საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის თანახმად, თუ მოსამართლეობის კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეეპარება, მას შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს მოსმენების დროს მისი აცილების თაობაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ანა დოლიძემ და მას ცენზურის დაწესების მცდელობა უწოდა.
„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას, რომელიცმდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. რა თქმა უნდა ვაპირებ ამის გასაჩივრებას. ეს პოზიციაა, რომელიც არის რეალურად საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა," — განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ მოსამართლეთა უვადო წესით დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაერთხელ გააკრიტიკეს. კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უვადოდ დაინიშნენ ის მოსამართლეები, რომლებმაც ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეებზე სკანდალური განაჩენი გამოიტანეს.
თებერვალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა გააკრიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს როგორც საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას.

