ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულს სენაკის პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?!

გამოწერა
მეზობლის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციას უჩივის.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა 21 წლის გიორგი ჭანიას განცხადების ნამდვილობას სწავლობს, რომელიც სენაკის პოლიციის თანამშრომლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, იუწყება Новости-Грузия მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

ციხე - Sputnik საქართველო
მკვლელობა „დირსის" ტერიტორიაზე – ცნობილი გახდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

ჭანია და მისი მეგობარი ხვიჩა პაპავა სამართალდამცველებმა 2017 წლის დასაწყისში დააკავეს. ჭანია აცხადებს, რომ პოლიციელები მას, აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით, ექვსი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ, მათ შორის, გაუპატიურებით. ახალგაზრდები ჯერ ქათმებისა და სიმინდის მოპარვისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი ყაჩაღობაში დაადანაშაულეს და საქმე სასამართლოს გადასცეს. ჭანიას მტკიცებით, ისინი უდანაშაულო არიან.

„აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე უცნობი იყო საქართველოს პროკურატურისთვის. ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე რაიმე სახის ზეწოლაზე არ უსაუბრიათ, ასევე არ ყოფილა რაიმე სახის ოფიციალური განცხადება. მიუხედავად ამისა, პროკურატურა მასმედიაში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ დროისთვის ჭანია და პაპავა პატიმრობაში არ იმყოფებიან. სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა საქმის მოსმენა გრძელდება. ჭანიას სიტყვებით, ამ დროისთვის მათ ადანაშაულებენ იმაში, რომ მეზობელს 48 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით — „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია" და „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება".

ახალგაზრდებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჭანიამ სამართლებრივი დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0