თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს უმასპინძლა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იაპონიაში საქართველოს მთავარი სახეა.
ტოჩინოშინი თბილისშია: როგორ დახვდნენ სამშობლოში სახელგანთქმულ სუმოისტს >>
ტოჩინოშინი საქართველოში ორიო დღის ჩამოვიდა. ქომაგები მას დიდი ოვაციებით დახვდნენ. სპორტსმენმა არავის უთხრა უარი სელფზე მასთან და აღნიშნა, რომ ასეთ დახვედრას არ ელოდებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და იაპონიას დიდი მანძილი აშორებთ, ჩვენი ხალხების ხასიათში ბევრი საერთოა და განსაკუთრებულია ტოჩინოშინის როლი იაპონელი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაში. ქართველი ხალხის ასეთი ერთსულოვანი გულშემატკივრობა, როგორც ტოჩინოშინის შეჯიბრებების დროს გამოჩნდა, მართლაც უიშვიათესია“, — ნათქვამია კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, დღეს მთელ საქართველოს გორგაძის იმედი აქვს, რომლის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის მყარი ხიდი გაჩნდა.
სამშაბათს ქართველი სუმოისტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რომელმაც ასევე მიულოცა მას წარმატებული სეზონი.
იაპონიაში ახლახან დასრულებულ საზაფხულო ბაშოზე ტოჩინოშინი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. შეჯიბრებების დასასრულს სუმოს იაპონური ასოციაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 30 წლის გორგაძეს ოძეკის წოდება მიენიჭა, რაც პროფესიონალურ სუმოში მეორე იერარქიულ ტიტულს გულისხმობს.
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ეს საპატიო წოდება მიიღო.
ამჟამინდელი სეზონი ტოჩინოშინიშთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. სპორტსმენის ანგარიშზეა 37 გამარჯვება და მხოლოდ 8 წაგება. ამ წლის იანვარში გორგაძე პირველი ქართველი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.