თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, სუმოს იერარქიის მეორე წოდება — ოძეკი მიანიჭეს.
ეს გადაწყვეტილება იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მიიღო.
ტოკიოში შედგა ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.
ტრადიციისამებრ, სუმოს ასოციაციის წარმომადგენლები ლევანის კლუბს, კასუგანო ბეიას ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს. ტოჩინოშინიმა, თავის მხრივ, ტრადიციული სატიტულე ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს ამ წოდებას.
წარმოშობით მცხეთელმა 30 წლის ლევან გორგაძემ სუმოში თავისი მოღვაწეობა 12 წლის ასაკში დაიწყო.
ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიის მეორე უმაღლესი წოდებაა იოკოძუნას შემდეგ. ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ეს საპატიო წოდება მიიღო.