თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი დავით გურგულია კარლოვი ვარის კინოფესტივალზე EFP-მ პროგრამის FUTURE FRAMES 10 ათეულში შეარჩია, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ქართული კინო კანის კინოფესტივალზე >>
ევროპული კინემატოგრაფიის მხარდაჭერის საერთაშორისო ორგანიზაციამ (EFP) შეარჩია ათი გამარჯვებულის ნამუშევარი, რომლებიც იქნება წარმოდგენილი კარლოვი ვარის 53-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 29 ივნისიდან 7 ივლისამდე გასტანს.
EFP კარლოვი ვარის კინოფესტივალთან ოთხი წელია თანამშრომლობს და ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებს ეძებს. 1-დან 4 ივნისამდე პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ მასტერ-კლასებს და კინოინდუსტრიის სხვადასხვა დარგის ექსპერტებს ხვდებოდნენ.
პროგრამა FUTURE FRAMES 10 კინოფესტივალზე მეოთხედ ტარდება. პროგრამის მონაწილედ დავით გურგულია ფილმით „დიალექტი“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა.
ფილმის მოქმედება ვითარდება საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში, რომელსაც რეჟისორი არ ასახელებს. ეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მოგვითხრობს პატარა დასახლების მცხოვრებლებზე, რომლებიც თავიანთ შვილებს მუნჯ ძიძებს აზრდევინებენ. ერთადერთი ენა, რომელზეც უნდა ილაპარაკონ ბავშვებმა — ღმერთის ენაა. მთის სოფელში ჩადის ფილმის მთავარი გმირი — ხმის რეჟისორი, რომელმაც შვიდ დღეში უნდა შეისწავლოს, ახსნას და მოგვითხროს ეს ფენომენი.
დავით გურგულია — შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოტექნოლოგიებისა და ტელევიზიის ფაკულტეტის სტუდენტია. 2018 წლის იანვარში დავით გურგულიას დოკუმენტური ფილმის სცენარი პოლონეთში ფესტივალ „ახალგაზრდა ევროპის“ გამარჯვებულად აღიარეს.