ხაჭვანის ფილმ „დედეს" ესპანეთის შვიდი ქალაქის კინოთეატრებში აჩვენებენ

© FB / DEDEფილმ „დედეს" გადაღებები
ფილმ „დედეს გადაღებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე" 1 ივნისიდან ესპანეთის შვიდი ქალაქის კინოთეატრებში გამოვა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კარლოვი ვარის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ქართული კინოს მორიგი წარმატება: ფილმმა „დედე“ ორი პრიზი აიღო

„დედე" ოთხი ქვეყნის კოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარის და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა.

„დედე" მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. არის კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, საკონკურსო პროგრამის East of the West-ის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში მონპელიეს Cinemed-ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

ფილმის ქართული პრემიერა 2018 წლის 22 თებერვალს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0