ქართული კინოს მორიგი წარმატება: ფილმმა „დედე“ ორი პრიზი აიღო

© FB / Mariam Bakacho Khachvaniრეჟისორი მარიამ ხაჭვანი კარლოვი ვარის ფესტივალზე
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კარლოვი ვარის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა ერთბაშად ორ ფესტივალზე პრიზები მოიპოვა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე“ საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს ფესტივალზე მისმა ფილმმა „დედემ“ მაყურებელთა პრიზი მოიპოვა.

ქართული კინოს ამ მორიგი წარმატების შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მარიამ ხაჭვანის Facebook-გვერდზე დაყრდნობით იტყობინება.

„ამ საღამოს ორი პრიზი მოვიგეთ სხვადასხვა კინოფესტივალზე. „ტოფიფესტ" კინოფესტივალზე, პოლონეთში ავიღე საუკეთესო რეჟისორის პრიზი. მონპელიეს კინოფესტივალზე, საფრანგეთში ავიღეთ მაყურებლის პრიზი“, — წერს მარიამ ხაჭვანი.

ხაჭვანის ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West და ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმი „დედე" სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღება სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. მსახიობთა უმრავლესობა სვანები არიან და ფილმში უმეტესად სვანური საუბარი ისმის. 

თავად რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი "დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0