თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. აფხაზეთში სასტუმროების მეპატრონეებს იმ ტურისტების უფასოდ განთავსებას ავალებენ, რომლებიც თაღლითობას ემსხვერპლნენ, ამის თაობაზე არაღიარებული რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრმა ავთანდილ ღარწკიამ განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
ღარწკიას თქმით, თაღლითები იოლად ატყუებენ მიმნდობ ადამიანებს, რომლებიც შეთავაზებული დაბალი ფასებითა და საშეღავათო ფასდაკლებებით იხიბლებიან.
დე-ფაქტო მინისტრი მიიჩნევს, რომ „აფხაზეთმა არ უნდა მოიხსნას თაღლითების ქმედებაზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან საქმე სახელმწიფოს პრესტიჟს ეხება“.
„გუშინ პრეზიდენტთან თათბირზე სამართალდამცველ ორგანოებს დაევალათ, დაადგინონ ტელეფონების ნომრები, რომლებიც, დიდი ალბათობით, აფხაზეთშია შეძენილი და თაღლითობისთვისაა გამოყენებული“, — უთხრა ღარწკიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თუ თაღლითობა არ აღიკვეთა, აფხაზეთი დაახლოებით 50 ათას ტურისტს დაკარგავს, რის გამოც „რესპუბლიკა“ ერთ მილიარდ რუბლამდე იზარალებს.