ხელისუფლება აქციების შეზღუდვას გეგმავს?

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია თბილისში
საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჯარიმო სანქციები იზრდება, ხოლო იმ პირთა წრე, რომელთაც აქციებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა ეკრძალებათ - ფართოვდება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ეშმაკური გეგმა მოიფიქრა აქციებისა და დემონსტრაციებისგან თავის დასაცავად. პარლამენტში უკვე შესულია ორი პროექტი, რომლებიც პირდაპირ შეკრებებსა და მანიფესტაციებს ეხება. პირველის ავტორები თვით ვანო ზარდიაშვილი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და „ქართული ოცნების“ ახალი სახე ანრი ოხანაშვილი არიან. ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ახალი კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მოდის შესაბამისობაში. ცვლილებებით, გარდა ძალოვანი სტრუქტურებისა, სერიოზულად ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ეკრძალებათ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა, მათ შორის საგანგებო სიტუაციების, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის, პენიტენციური სისტემის, საფინანსო პოლიციის თანამშრომლებს.

გაფიცვისა და დემონსტრაციების მოწყობის უფლება აკრძალული არა აქვთ მეტროს მემანქანეებსა და მაღაროელებს, მაგრამ მათთან დაკავშირებით თბილისის მერმა პრინციპული პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ მეტრო, მემანქანეების გაფიცვის მიუხედავად, მაინც იმუშავებს და ხელფასების მომატება გამორიცხულია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მეტროს სადგურები რომ არ მუშაობს, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი

ცვლილებათა მეორე პროექტი კი საჯარიმო სანქციებს ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება საჯარიმო სანქციები პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისათვის.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წარმოდგენილი ცვლილებებით შეშფოთებულია, რადგან ფიქრობს, რომ ამით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცველი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებს. ამ პირთა წრისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა არაერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) მწვავე კრიტიკის საგანი.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
აქცია ვაკის პარკში: „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“

ლომჯარიას აზრით, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს კვლევის თანახმად, მეორე პრობლემაა მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში სასამართლომ 29 350 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა, საიდანაც 17 897 პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მათგან საკმაოდ დიდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს.

პარლამენტთან მომიტინგეთა რაოდენობა ,ქართული მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, 10 ათასს აღწევდა - Sputnik საქართველო
საზოგადოება სისტემის წინააღმდეგ: აქცია რუსთაველზე

შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს მხოლოდ 166-ე და 173-ე მუხლებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა 7 910 პირის მიმართ, 2017 წლის მონაცემებით, ამ რიცხვმა 6 744 შეადგინა. ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც საგრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში — 100 ლარიდან 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის — 250-2000 ლარიდან 1000-დან 4000 ლარამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ „პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად განაგრძობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმების აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებას. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავება ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა), 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) მუხლების საფუძველზე ხდება. ამ მუხლების გამოყენებით შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის შემთხვევები წლების განმავლობაში დოკუმენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ანგარიშებში“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების ასეთი ფართო წრისთვის აკრძალვის მიმართ. ასე რომ, თუ ცვლილებები ძალაში შევიდა, ერთი მხრივ კილაძე-ზარდიაშვილი და მეორე მხრიდან პოლიცია აქტიურად შეამცირებენ მომიტინგეთა რაოდენობას. პირადად მე კი, სიმართლე გითხრათ, ჯარიმის სახით შრომას დავაწესებდი, რადგან მიტინგებით ნამართი ქვეყანა ჯერ არავის უხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0