თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილსა და პანკისში სპეცოპერაციისას დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.
გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გამოთქვა და თავად დაასახელა შეხვედრის დრო და თარიღი — 4 ივნისის 14:00 საათი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ და პრემიერთან შეხვედრის სურვილი მათაც გამოთქვეს.
პრემიერ-მინისტთან შეხვედრის სურვილი მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გამოთქვა, თუმცა, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერი მასთან შეხვედრას არ აპირებდა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზადაა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს და მათთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილსაც.
როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, პრემიერი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის უფლებადამცველებს ცალკე შეხვდა. ამის მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე იყო.
კუბლაშვილის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, იგი პირად კონტროლზე აიყვანს მას.
„ჩვენ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა ყველაფერზე, დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს“, —განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დღეს პრემიერისგან კიდევ ერთხელ მიიღო სამძიმარი, თუმცა მოლოდინებზე და კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცხადია, აქციები იქნება, კიდევ უფრო მასშტაბური. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პრემიერს აქვს გონივრული ვადა, 10-14 დღე“, — აღნიშნა ადვოკატმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატები მარიამ კუბლაშვილი და თამთა მიქელაძე.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს მხარსა და თავში დაიჭრა სპეცოპერაციისას, რომლის მიზანიც ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. როგორც მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.