იდეის ავტორი, ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი სოფიკო უზნაძეა. ის Fredo Handmade-ის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.
— ვცხოვრობ თბილისში, ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) მაგისტრატურაზე — ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ბაკალავრიატი დავამთავრე შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების მენეჯმენტის ფაკულტეტი. ამჟამად კი მაქვს ჩემი კომპანია – Fredo-ს ხელნაკეთი ნამუშევრები.
– როდის გადაწყვიტეთ ჩანთების წარმოების დაწყება?
— ძალიან უჩვეულოდ დაიწყო ჩემი და „ფრედოს“ ურთიერთობა. მეგობარმა მასწავლა ლაზერით ხის ფორმების გამოჭრა. სწორედ მისი საშუალებით დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა. თავიდან დავიწყე მარტივი სამკაულებით, შემდეგ კი ვცადე ჩანთაც. შეიქმნა ბრენდის სახელწოდებაც და, აი, უკვე თითქმის ორი წელია, ჩვენ ვცდილობთ სისტემატურად განახლებული კოლექცია შევთავაზოთ ჩვენ ერთგულ მომხმარებელს.
– პირველი მოდელები გაიხსენეთ, როგორ შექმენით, რა სტილის იყო და გაამართლა თუ არა მოლოდინმა? გახსოვთ, პირველი ჩანთა ვინ იყიდა?
— ძალიან მინდა მოვუბოდიშო და თან დიდი მადლობა ვუთხრა იმ პირველ მომხმარებელს, რომელმაც ხარისხის მიუხედავად მაინც იყიდა ჩვენი პირველი პროდუქცია. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო დეფექტებიც, უსუფთაო ნამუშევარიც. არ მერიდება ამის აღიარება — რომ არა ჩვენი პირველი მომხმარებლები, დღეს Fredo Handmade არც იარსებებდა. დღეს მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული ნაკეთობა იყოს სუფთად შესრულებული და, რაც მთავარია, მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესზე მორგებული. თავიდან, რა თქმა უნდა, გვერდით სკეპტიკოსებიც მყავდნენ, მეუბნებოდნენ — არ გამოგვივიდოდა ამ ჩანთების დამზადება, მით უფრო, რეალიზაცია, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწეთ და დღეს ვართ ის, რაც ვართ. სამწუხაროდ, არ მახსოვს, ჩვენი პირველი ჩანთა ვინ იყიდა.
– მარტო უძღვებით ამ საქმიანობას?
— „ფრედოს“ ნახატებს ქმნის ჩვენი მხატვარი ქეთი ნოზაძე, რომელსაც საოცარი ფერთა შეხამების უნარი და ნიჭი გააჩნია. მისი მხატვრობისადმი დამოკიდებულება ოჯახის დამსახურებაა. რაც შეეხება დიზაინს, მასზე მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ქეთის ნახატებმა ახალი ხაზი შექმნა „ფრედოში“ და მრავალფეროვანი გახადა ჩვენი პროდუქცია.
– საზოგადოებამ როგორ მიიღო ეს სიახლე?
— ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ხელნაკეთი ნამუშევრები. მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ დაფასებული არ არის ეს საქმე და არ არის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი: ზოგიერთი ხელნაკეთი ნამუშევარი რამდენიმე ასეული ლარი ღირს. მესმის, რომ ყველა ავტორი საკუთარ ნამუშევარს იმ ფასად ყიდის, რაც უღირს, მაგრამ ხშირად ეს ფასი სახალხოდ მისაღები არ არის. „ფრედოში“ ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია მისაღებ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელმა შეძლოს მისთვის მოსაწონი, სასურველი ხელნაკეთი ნამუშევრის შეძენა. თავიდან ჩვენი საქმიანობა ჰობის დონეზე დავიწყეთ. ასეთ წარმატებას, რა თქმა უნდა, დასაწყისში არც ველოდით. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი მომხმარებელი ძალიან გემოვნებიანია. ამიტომ ავტორებს დიდი მონდომება და თავდაუზოგავი შრომა მართებთ, თუ სურთ, რომ ადგილი დაიმკვიდრონ და შემდეგ ეს ადგილი შეინარჩუნონ.
– რა მასალით ქმნით ჩანთებს?
— მუდმივად ვცდილობთ მრავალფეროვანი იყოს ჩვენი ნამუშევრები — ნატურალური ტყავისა და ხის ელემენტებს ნაქარგი და ნახატი ეხამება, ასევე ძალიან პოპულარულია ნაქსოვისა და ხის სინთეზი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერსიები და ასევე შესაძლებელია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ნახატით გაფორმდეს ჩანთა. ასე რომ ვთქვათ, შეხმატკბილებულად ვქმნით ახალ ვერსიებსაც. იმის თქმაც შეიძლება, რომ ნატურალური ტყავით დამზადებულ პროდუქციაზე მეტი მოთხოვნაა, ჩანთაც უფრო ხარისხიანად გამოიყურება. ჩვენ სხვადასხვა სახის ტყავზე ვმუშაობთ. შესაბამისად, თუ მოთხოვნა იქნება ნატურალური ტყავით დამზადებულ ჩანთაზე, ბუნებრივია, გათვალისწინებულია მომხმარებლის სურვილი. ტყავის ხარისხზეა დამკიდებული ჩანთის ფასიც.
– რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია თქვენი ჩანთები?
— ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უფრო მომხმარებლებისგან იქნება საინტერესოც და ობიექტურიც. თუმცა ერთი შეიძლება ითქვას – რომ არა პრაქტიკულობა და კომფორტულობა, ჩანთებზე მოთხოვნაც არ იქნებოდა.
– ალბათ თქვენ ხშირად იწონებთ თავს თქვენი ჩანთებით?
— ჩვენ თავს ვიწონებთ ჩვენი მომხმარებლების ფოტოებით. ძალიან კარგი ტრადიცია შეიქმნა — ჩვენი მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გადაღებულ ფოტოებს გვიგზავნიან, ფოტოებში კი ისინი ჩვენი აქსესუარებით იწონებენ თავს. ეს არის ჩვენი წარმატება!
– ჩანთების გარდა კიდევ რა აქსესუარებს ამზადებთ?
— ჩანთების გარდა ვამზადებთ სამკაულებს. საქართველოს რუკის ფორმის ყელსაბამი ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ვცდილობთ მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ იმ მომხმარებელს, რომელიც ხელით ნაკეთობაზე აკეთებს არჩევანს. ასევე ვამზადებთ ბეჭდებს, საყურეებს, ბლოკნოტს, სასურათე ჩარჩოს, სანათ ბრას, კედლის საათებს, ბროშებს და ასე შემდეგ.
– მხოლოდ საქართველოში იყიდება თქვენი ჩანთები თუ გაგაქვთ საზღვარგარეთაც?
— მერიდება ჩვენი პროდუქციის შესახებ საუბარი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი ჩანთები საქართველოს გარდა იყიდება რუსეთში, უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ყაზახეთში და ასე შემდეგ.
– როცა იწყებდით ამ საქმეს, ფიქრობდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?
— კოკო შანელის სიტყვები მახსენდება: „ხელნაკეთი ნივთები ფუფუნებაა. ყველასთვის მათი ფლობა აუცილებელი არაა. და თუ მაინც გსურთ იქონიოთ ისინი, ან უნდა გადაუხადოთ ხელოვანს საფასური, ან თავად შექმნათ ისინი“… აი, ასე, მოვინდომეთ და დავიწყეთ. წარმატებაში დასარწმუნებლად კიდევ დროა საჭირო. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი ადგილი უკვე დავიმკვიდრეთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
– რა არის წარმატების მისაღწევად მთავარი?
— წარმატების ფორმულა ალბათ ყველასთვის ინდივიდუალურია. უბრალოდ, მთავარია მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად არ დაიშურო მონდომება, პასუხისმგებლობა და ცოტაც იღბალი.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
— ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი გეგმებია წინ. ვცდილობთ ვითანამშრომლოთ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში არსებულ იმ მაღაზიებთან და კომერციულ კომპანიებთან, რომლებიც ხელნაკეთი პროდუქციით ინტერესდებიან. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მივყვებით ჩვენ ხელსაქმეს. მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ და, იმედია, ჩვენი მონდომება გაამართლებს.