თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მეტროპოლიტენის მემანქანეები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ გლდანის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2013 წლიდან მათ ხელფასები არ მომატებიათ. აქციის ერთადერთი მოთხოვნა სწორედ ხელფასების მატებაა.
აქციის ორგანიზატორია „ერთობა 2013“. როგორც ისინი აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება გაიფიცონ არასამუშაო საათებში, თუმცა აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხვალ ისინი სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებენ. ეს კი გამოიწვევს მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.
„სატრანსპორტო კომპანიას“ ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამად მემანქანეების საათობრივი ხელფასი 7 ლარს შეადგენს, მომიტინგეები მის 10 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013“ წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი განცხადება სასამართლოში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შეიტანა.
გაფიცვაზე საპასუხოდ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს არ მოხდება, რადგან მხოლოდ მან და მერიამ უნდა გადაწყვიტონ, როდის გაიხსნება და დაიხურება მეტრო.
მემანქანეებს გაფიცვის მოწყობა მაისის დასაწყისში სურდათ, თუმცა გაფიცვა მაშინ არ შედგა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად. პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის ხელმძღვანელის, რატი კაპანაძის თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომლის მფლობელია თბილისის მერია, გაფიცვის შემთხვევაში მზად იყო მეტროს მემანქანეები არაკვალიფიციური კადრებით ჩაენაცვლა.