თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება, განაცხადეს მუზეუმის დამფუძნებლებმა პრესკონფერენციაზე.
მუზეუმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ობიექტი იქნება, რომელიც მთლიანად იქნება ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოზე, ვიდეოსა და კინოზე. მუზეუმი სასტუმრო „სტამბის“ (კოსტავას ქუჩა, 14) ტერიტორიაზე გაიხსნება.
მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი. მედიათეკა გააერთიანებს ფოტო-წიგნებისა და მულტიმედიის უნიკალურ არქივს, რომელიც მუზეუმს საჩუქრად ცნობილი ფრანგი ფოტოკურატორის და პარიზის ისტორიის მუზეუმის ფოტოდეპარტამენტის დამაარსებლის ფრანსუაზა რენოსგან გადმოეცემა. არქივი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ–რეჟიმშიც.
მულტიმედია მოიცავს პროექტების უნიკალურ კოლექციას, რომელიც თბილისის ფოტო–ფესტივალის არსებობის 10 წლის მანძილზე შეგროვდა.
მუზეუმის მიზანია საქართველოს ვიზუალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია, ინსტიტუციონალიზაცია და შესწავლა.
გარდა ამისა, ორგანიზატორების სიტყვებით, მუზეუმის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას – რეგიონში ქალი–ფოტოგრაფების როლის გაძლიერება.
მუზეუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის „ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ფარგლებში გაიხსნება.