თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
„მივმართავ სრულიად საქართველოს… დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი. ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს“,- აცხადებს სარალიძე.
მირზა სუბელიანი: „არსად წასვლას არ ვაპირებ“>>>
ზაზა სარალიძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდით დაუდგა და მისი მხარდაჭერა გამოხატა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახია.
„ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მადლობა პრეზიდენტს,მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. არც ერთ მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი“,- წერს სარალიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. უკმაყოფილო დავით სარალიძის ოჯახის წევრები და მეგობრები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქციები გამართეს, მათ ათასობით ადამიანი შეუერთდა და სარალიძეების ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. მოგვიანებით აქციამ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.
აქციაზე მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა, აქციის მონაწილეები მას აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ რამდენჯერმე სთხოვა აქციის მონაწილეებს მოესმინათ პრემიერისათვის, კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.