სარალიძე: უნდა დაღვარონ ჩემი სისხლი? დაღვარონ! მე მაგათი დაცვა არ მჭირდება

© FB / Georgian News Feedზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზად ვარ, ჩემი შვილის ღირსების გულისთვის და ჩემი ქართველი მომავლის გულისთვის აქვე დავღვარო ჩემი სისხლი. სანამ პირში სული მიდგას, აქედან ფეხს არ მოვიცლი, სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა, განაცხადა სარალიძემ

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. გასული წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ–ერთი მოზარდის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დაცვა არ სჭირდება, იბრძოლებს, სანამ პრემიერი და მთავრობა არ გადადგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მანამდე საქართველოს შსს–ს გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაცია და რომ ეს პროვოკაციები, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს.

„თურმე, მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. ექვსი თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და ექვსი თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. მზად ვარ, ჩემი შვილის ღირსების გულისთვის და ჩემი ქართველი მომავლის გულისთვის აქვე დავღვარო ჩემი სისხლი. ვისგან უნდა, რომ დამიცვას ამ მთავრობამ, ვერ ვხვდები“, – განაცხადა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს–ს სპეციალური განცხადება: ზაზა სარალიძის წინააღმდეგ მოსალოდნელია პროვოკაციები

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ამ აქციის გაიგივება პოლიტიკურ პარტიებთან.

„მინდა იცოდეთ, აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის. ნუ მისცემთ ნურავის იმის საშუალებას, თქვან, თითქოს ჩემი შვილის სული გავყიდე. ჩვენ რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ ვუყურებ როგორც საქართველოს მოქალაქეს და ჩემნაირი ადამიანს. ნუ გააიგივებთ ჩვენ მოკლულ შვილებს, შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ის მოითხოვს საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთელი მთავრობის გადადგომას. მისი თქმით, თითქოსდა შექმნეს რაღაც ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას. მაგრამ აღარ არსებობენ მოწმეები, აღარ არის ნივთმტკიცებები და გამოძიება ვეღარ ჩატარდება. ის ამბობს, რომ მისი მოტყუება კიდევ ერთხელ სურთ. 

„დღეს პირადად მე სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ამ მთავრობის გადადგომას… მე სანამ პირში სული მიდგას, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა. უნდა დაღვარონ ჩემი სისხლი, დაღვარონ, დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა მომავალში ეს არ მოხდეს. იყოს ჩემი ოჯახი ამ ტრაგედიის მატარებელი ბოლო და უკანასკნელი, რათა ჩვენ არ გვყავდეს ტატუნაშვილები, მაჩალიკაშვილები, თუნდაც სარალიძეები“, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. 

ყველა ახალი ამბავი
0