თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „ენგურჰესმა“ 24 მაისს მომხდარი ავარიის შემდეგ მუშაობა განაახლა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.
„ენგურჰესის" ავარიულმა გამორთვამ საქართველოს ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, რის შედეგადაც თბილისისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა.
ავარია „ენგურჰესზე“: დასახელდა პირველი აგრეგატის ჩართვის თარიღი>>>
„ხუთშაბათს ღამით ორი აგრეგატი ჩაირთო, პარასკევს კიდევ ერთი. საღამოსთვის მეოთხე აგრეგატიც უნდა ჩაირთოს და მუშაობა სრულად აღდგება“, – განაცხადა ხუბუამ.
„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.