EBRD საქართველოს ენგურჰესის რემონტზე კიდევ 28 მილიონ ევროს გამოუყოფს

© photo: Sputnik / Vladimir Popov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ენგურჰესის რემონტის დაფინანსებისათვის მადლობა გადაუხადა

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ენგურჰესის რემონტზე 28 მილიონ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმებას „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი — კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.   

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ გვაკავშირებს სამაგალითო ურთიერთობა. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა,  ტრანსპორტი, წყალმომარაგების სისტემები. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში განახორციელა რეკორდული მოცულობის ინვესტიციები, 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართულებით“, — განაცხადა ბახტაძემ.

ახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ქართული ეკონომიკის აღმაფრენები და ჩავარდნები

მინისტრმა აღნიშნა, რომ ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და პროექტის დაფინანსებისათვის EBRD-ს მადლობა გადაუხადა. 

თავის მხრივ, ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ EBRD-ში მოხარულები არიან, რომ 2018 წლის პირველ კვირას ხელი მოაწერეს პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან. მისი თქმით, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც ასევე მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს,  ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით,  300 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.  მნიშვნელოვანია, რომ  ბანკმა  20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, — აღნიშნა   ბალვანერამ.   

პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში.

EBRD-ის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა აღნიშნული 28 მილიონი ევროს ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.


ყველა ახალი ამბავი
0