თბილისი, 31 მაისი — Sputnik. მთავარი პროკურორის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამუკა ვასაძე, რომელიც ამ დრომდე ირაკლი შოთაძის პირველი მოადგილე იყო, მთავარი პროკურორის მოვალეობას მისი გადადგომის შემდეგ შეასრულებს.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოყვა, რომლის მონაწილეებმა შოთაძის გადადგომა მოითხოვეს.
კანონმდებლობის თანახმად, მამუკა ვასაძე მთავარი პროკურორის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები ირაკლი შოთაძისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტისთანავე დაიწყება.