თბილისი, 31 მაისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომაც მოითხოვეს.
აქცია სახელწოდებით „არ მომკლა“ დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობაში ორ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.
ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას უკავშირდება საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომაც. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით?— ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?“ — დაწერა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია მანამ არ დაიშლება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ორგანიზატორები რუსთაველზე კარვების გაშლასაც გეგმავენ.
შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. პირველი მოთხოვნა — მირზა სუბელიანის დაპატიმრება, რომელიც, ზაზა სარალიძის თვალსაზრისით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში დამნაშავეებს მფარველობს. მეორე მოთხოვნაა — ყველა იმ პირის დასჯა ვინც, დემონსტრანტების აზრით, მოზარდების მკვლელობის საქმის „ფალსიფიცირება“ მოახდინა. მესამე მოთხოვნაა — მოზარდების სიკვდილში ყველა დამნაშავე პირის დასჯა. აქციაზე ისმოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნები. ზაზა სარალიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა.