კომპანია „სილქნეტმა“, რომელიც ფლობს ფიქსირებულ სატელეფონო ქსელს, მომხმარებელს სთავაზობს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს და საკაბელო ტელევიზიის ქსელს, GSM სტანდარტის სეგმენტზეც დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. სწორედ „სილქნეტმა“ შეიძინა „ჯეოსელი“. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმდინარე წლის 13 მარტს დაეთანხმა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით „თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით.
რა შეიძლება შეიცვალოს ბაზარზე და მომხმარებლისთვის ამ გარიგების შედეგად?
„ჯეოსელის“ და „სილქნეტის“ ისტორია
„ჯეოსელი“ ქართულმა და თურქულმა მხარეებმა 1996 წელს დააფუძნეს. „ჯეოსელი“ გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე).
2001 წლის 27 მარტს „ჯეოსელისა“ და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის „GT მობილურის“ შერწყმის შედეგად „ჯეოსელი“ „GT მობილურის“ სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.
2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera.
რაც შეეხება „სილქნეტს“, მისი ისტორია 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივები გაერთიანდა. „სილქნეტი“ წარმოადგენს უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას ისევე, როგორც ფიქსირებულ და მობილურ CDMA სერვისებს. 2015 წლიდან „სილქნეტი“ მომხმარებელს 4G LTE ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებას სთავაზობს და დღესდღეობით რეგიონში უმსხვილესი საბითუმო ოპერატორია. 2017 წლის აგვისტოში კომპანიამ პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები.
„სილქნეტი“ 1997 წელს გიორგი რამიშვილის მიერ დაარსებული „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიაა. „სილქ როუდ ჯგუფი“ არის კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ოპერირებს კავკასიასა და ცენტრალური აზიაში, ხოლო საქართველოში წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სატრანსპორტო, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის და სატელეკომუნიკაციო სფეროში.
რატომ გაიყიდა „ჯეოსელი“?
წლებია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „თელიასონერა“ „ჯეოსელის“ გაყიდვას აპირებდა. მიზეზად შვედურ-ფინური კომპანია ევრაზიის რეგიონიდან გასვლის სტრატეგიას ასახელებდა. თუმცა ისიც ცნობილი იყო, რომ „ჯეოსელს“ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაურთულდა. ჯერ კიდევ 2013 წელს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა ლიცენზიის გასაგრძელებლად თანხის გადახდას. „ჯეოსელი“ მაშინ არ დაეთანხმა დაკისრებულ პირობებს. ლევან გიორგაძის თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2013 წლის 17 ივლისს აუქციონის გამართვის დებულებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ „ჯეოსელს“, თავდაპირველი ფორმულის გამოყენებით, მთელი წლების განმავლობაში ერთი კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად 34 მილიონის გადახდა უწევდა, ახალი ფორმულით თანხა 48 მილიონი იყო.
„ცალსახად უკანონოდ 48 მილიონს ვიხდით, რომელიც მძიმე ტვირთია, და ოთხი ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც დაახლოებით ორი წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ და დამფუძნებლების მხრიდან (როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დამფუძნებელი „თელიასონერაა“) უკვე სერიოზულად მიდის საუბარი, რომ ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს“, — თქვა ლევან გიორგაძემ კომისიის სხდომაზე. თუმცა, მოგვიანებით „ჯეოსელმა“ უარყო „თელიასონერას“ შესაძლო გასვლის მზადყოფნა და საქმიანობაც ძველებურად გაგრძელდა.
„ჯეოსელის“ მმართველმა კომპანიამ უკმაყოფილება სხვა დროსაც გამოხატა. სხვა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებთან ერთად, „ჯეოსელმაც“ განაცხადა, რომ მის აბონენტებს სამართალდამცველი სამსახურები მუდმივად უსმენდნენ.
„კომპანია „ჯეოსელის“ აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის ინფორმაციით, „ჯეოსელის“ 21 ათასი აბონენტი, ვინც სმარტფონით სარგებლობს, ისმინება და ე.წ. „შავი ყუთის“ არსებობას კომპანია „მაგთიც“ ადასტურებს“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებაში 2013 წელს.
ევრაზიის რეგიონიდან გასვლა „თელიასონერამ“ 2015 წელს გადაწყვიტა. ერთ-ერთ მიზეზად რეგიონის ქვეყნებში კორუფციის არსებობა დაასახელეს. ევრაზიის ბაზარზე კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში. კომპანია საკუთარ კვარტალურ ანგარიშში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიულად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადი იყო განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.
„ჯეოსელის“ „სილქნეტზე“ გასხვისების დადასტურების შემდეგ „თელიასონერამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა შემსყიდველის მკაცრი შემოწმება და კმაყოფილია შედეგებით.
რა შეიცვლება ბაზარზე?
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ჯეოსელს“ „სილქნეტი“ ყიდულობდა, მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ არსებული კონკურენცია გაუარესდებოდა, შედეგად კი ბაზრის სხვა მოთამაშეები და, საბოლოოდ, მომხმარებლებიც დაზარალდებოდნენ.
„თუ აღნიშნული გარიგება შედგა, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და კონკურენცია ფაქტობრივად გაქრება“, — აცხადებდა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე გარიგების საბოლოო დადასტურებამდე. მისი თქმით, დიდი მობილური კომპანიების კონკურენტი მხოლოდ „ბილაინი“ იქნება, რომელიც ბაზარზე 25%-იან წილს ფლობს და ამ მდგომარეობაში შესაძლოა კონკურენციას ვერც გაუძლოს და გავიდეს კიდეც ბაზრიდან.
„ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი პირველ რიგში დააზარალებს მომხმარებლებს და ბაზარზე გააჩენს კარტელური გარიგებების საფრთხეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად ირღვევა, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა დაუშვას „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენა“, — განაცხადა კაპანაძემ.
გაერთიანების შედეგად „სილქნეტს“ ეძლევა მეტი საშუალება მომხმარებელს უკეთესი პირობები შესთავაზოს და ასე გაზარდოს კონკურენცია. საინტერესოა, რომ კომუნიკაციების ბაზარზე მსგავსი მსხვილი გარიგება ორი წლის წინაც მოხდა, როდესაც „მაგთიკომმა“ შეიძინა „დელტა“, ასევე „კავკასუს ონლაინი“ და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე გახდა. შედეგად, რეგიონებში მოქმედი მცირე ზომის კომპანიები მსხვილი კონკურენტის გვერდით რთულ გარემოში აღმოჩნდნენ.
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დირექტორი უჩა სეთურიძე მიიჩნევს, რომ „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება მცირე კომპანიებს საქმიანობას გაურთულებს.
მისი თქმით, „სილქნეტს“ უკვე „მაგთის“ მსგავსად ექნება ერთ კალათში თავმოყრილი სერვისები და მომხმარებელს ბევრად უკეთეს პირობებს შესთავაზებს, ვიდრე მცირე და საშუალო ოპერატორები ახერხებენ. ამასთან, სეთურიძე მიიჩნევს, რომ მსხვილი კომპანიების შეთავაზებები იმაზე იაფი ღირს, ვიდრე ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი უნდა იყოს.
„სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი ოლიგოპოლიის საფრთხეზე საუბრისას ამბობს, რომ ბაზარზე ორი ძლიერი კომპანიის არსებობა ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს. ასევე, „სილქნეტი“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ჯეოსელში“ განახორციელებს 100 მლნ დოლარის ინვესტიციას. რამიშვილი აგრეთვე დარწმუნებულია, რომ „ბაზარზე იქნება თამაშის სწორი წესები“, რისთვისაც მარეგულირებელი ყურადღებით იქნება.
მარეგულირებელმა კომისიამ „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანებას უარი არ უთხრა. წესით, უარის თქმის მიზეზი ის გახდებოდა, თუ აღნიშნული გარიგება კომუნიკაციების ბაზარზე არსებული კონკურენციის მნიშვნელოვნად გაუარესების შანსს გააჩენდა. ამ კონტექსტში საინტერესოა ვნახოთ, როგორ არის ბაზარი გადანაწილებული სხვადასხვა კომპანიებზე. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ბაზრის გადანაწილება შემდეგი თანაფარდობით ხდება:
დიაგრამა 1. ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის აბონენტების გადანაწილება ბაზარზე
„ჯეოსელი“ ამ ჩამონათვალში არ არის და, შესაბამისად, „ჯეოსელის“ და „სილქნეტის“ გაერთიანებით ბაზრის ამ სეგმენტზე არც არაფერი იცვლება.
რაც შეეხება მობილური კავშირგაბმულობის ბაზარს, სადაც „ჯეოსელი“ უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ამ შერწყმით აქაც მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, რადგან „სილქნეტს“ ბაზრის ნახევარი პროცენტი უჭირავს და 35%-იან „ჯეოსელთან“ გაერთიანებით, ჯამში 35,5% გაუხდება.
დიაგრამა 2. მობილური კომუნიკაციების საბაზრო წილი
მოცემულ მომენტში საქართველოში საუბრის სტანდარტული წუთობრივი ტარიფი 24 თეთრს შეადგენს, სმს კი 6 თეთრია. რაც შეეხება ინტერნეტის პაკეტების ფასებს, მაგალითად, 1 გბ „ბილაინში“ 4 ლარი ღირს, „მაგთიში“ 1 გბ-ს ფასი 5 ლარია, ხოლო „ჯეოსელს“ 1,2 გბ-ზე 5 ლარი აქვს. გამოიწვევს თუ არა „ჯეოსელის“ და „სილქნეტის“ გაერთიანება ტარიფების ცვლილებას, მომავალში გამოჩნდება.
თემურ იოსელიანი