თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.
არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ რამდენიმე სოფელში.
ადგილობრივების განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანდა თხილის ნარგავები, ვაზი და ხეხილი. ასევე მოგლეჯილია ხეები.
„ძლიერმა ქარმა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. თხილი კი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებოდა სამაშველო სამსახური“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
უკვე შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელიც მუშაობას ხვალ დილიდან შეუდგება.