თუმცა არა უხამსობის ან გამოხატვის რადიკალური ფორმების, არამედ უფრო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სიხშირის გამო, როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტი შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ნორმებზე აპირებს უახლოეს მომავალში მსჯელობას.
კანონპროექტი პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა შეიტანეს და ცენზურას და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველს მასში ვერაფერს ხედავენ. უფრო მეტიც, ეკა ბესელიამ ისიც კი განაცხადა, ეს უბრალოდ ტექნიკური კანონია და არსობრივად სიახლე არაფერიაო. მაგრამ უმრავლესობის ცრემლების, ბუნებრივია, არც მოსკოვს სჯერა და არც — ვაშინგტონს. საქმე ის გახლავთ, რომ 1997 წლიდან შემოქმედებითი საქმიანობის ნიმუშის გავრცელების აკრძალვის უფლება კულტურის სამინისტროს ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ ის სხვათა უფლებებს არღვევდა, ქადაგებდა სისხლისღვრას და ძალადობას.
თუმცა იმ ბნელსა და უკუნ დროშიც კი აზრად არავის მოსვლია, ეს ნორმა აემოქმედებინა. გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმა კი კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დაუწესა სიტყვის თავისუფლებას. იმდენად მაღალი, რომ ზოგჯერ არა მხოლოდ პოლიტიკოსები იტანჯებიან უამრავი ტყუილითა თუ სიმართლით საკუთარი თავის შესახებ…
თუმცა რას იზამ, პოლიტიკა ის სამზარეულოა, სადაც ძალიან ცხელა და ვისაც ამ ტემპერატურის გაძლება არ შეუძლია, არც უნდა შეეჭიდოს ამ რთულ და ზოგჯერ უმადურ საქმეს.
ლიბერალებმა ერთხმად გააპროტესტეს ბესელია–გოგიჩაიშვილის ინიციატივა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოფიციალურად მიმართა პარლამენტს, შეიტანოს წარმოდგენილ ვერსიაში ცვლილებები. ის თვლის, რომ პროექტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ცალსახად და გარკვევით წერია, რომ „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია".
საფრთხეს ხედავენ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგის გავრცელების სასამართლოს გზით აკრძალვაში ჟურნალისტები და იურისტებიც. პირველნი იმის გამო, რომ არასასურველი სიუჟეტები და სტატიები შეიძლება გასაჩივრდეს, იურისტები კი მიუთითებენ — თუ 1997 წლიდან კანონში შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ იყო ეს ჩანაწერი, მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა და ახლა ეს ნორმა ცხოვრებაში ამოქმედდება და თანაც მურუსიძის სასამართლოს პირობებშიო.
ყოფილმა დეპუტატმა და პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა იმ ნაწარმოებთა ნუსხა შექმნა, რომლებიც სასწრაფო წესით უნდა გასაჩივრდეს.
ასეთია, მაგალითად, „შუშანიკის წამება“ და „ვეფხისტყაოსანი“. პირველი მაზდეიანთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, როცა შუშანიკი შეიტყობს, რომ ვარსქენ პიტიახშმა ეს აღმსარებლობა მიიღო — „ვარსქენმა აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმერთოთა". იქით ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი" და ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები" დგება საფრთხის ქვეშო…
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
საერთოდ, ძნელი დასაჯერებელია, რომ უმრავლესობის უმრავლესობამ ეს კანონპროექტი მოიწონოს. თან ახალი საბაბი ჩნდება კვირიკაშვილის გუნდად წოდებული ბესელიასა და გოგიჩაიშვილისთვის არასასურველი იმიჯის შესაქმნელად.
ხუმრობით მივუდგებით თუ სერიოზულად, კანონპროექტი ინიცირებულია, დისკუსია — დაწყებული. მხატვარ ლია უკლებას და შემდეგ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ეპატაჟურმა შემოქმედებამ დისკუსია ახალი სიმძლავრით გააჩაღა. სავარაუდოდ, რაც უფრო დიდი იქნება ხელისუფლებიდან ცენზურის საფრთხე, უფრო გაიზრდება პროტესტანტების რაოდენობაც. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ უხამსობასა და გამოხატვის უხერხულ ფორმებს კანონი კი არა უფრო განათლება და ეთიკა თუ დაარეგულირებს.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი შეზღუდვები ახალ წინააღმდეგობას წარმოშობს იქ, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს – საერთაშორისო ასპარეზზე…
რედაქცია შეასძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!