თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში, ჩუბინაშვილის 30 ნომერში მცხოვრები დევნილები კორპუსის საერთო მოხმარების ფართების დამტკიცებას ითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დევნილები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ და შენობის მთლიანად მათთვის გადაცემას ითხოვენ. მათ ბინები უკვე დაკანონებული აქვთ, თუმცა შენობის ნაწილი, მათ შორის სადარბაზო და დერეფანი, ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. დევნილების თქმით, აღნიშნულის გამო ავარიული შენობის შეკეთებას ვერ ახერხებენ, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.
კორპუსში 37 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ისინი აცხადებენ, ოთხი წელია, ეკონომიკის სამინისტროსგან რეაგირებას მოითხოვენ, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ისინი ეკონომიკის სამინისტროსთან აქციებს აანონსებენ.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ბათუმში 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი ბინებს მიიღებს >>
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.