მინანქრისგან გაკეთებული ყურძნის მტევნები და საყურეები ფლორენციის მერის მეუღლისათვის

© photo: courtesy of Mariam Tushishviliმარიამ თუშიშვილი
მარიამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ბევრი ობიექტი და სკვერი აქვს მოხატული. მისი სადიპლომო ნამუშევარი თბილისის აკვაპარკის გაფორმება იყო...

პროფესიონალურ დონეზე აქვს ათვისებული ფერადი მინა და ტრადიციული მინანქარი. ამ უკანასკნელით 2002 წლიდან დაინტერესდა. ამზადებს უნიკალურ და ექსკლუზიურ სამკაულებს. მისი ნამუშევრები გალერეა „ორნამენტის“ მიერ ჩატარებულ გამოფენებზე ხშირადაა წარდგენილი და იყიდება უცხოეთის ბევრ ქვეყანაში. 2016 წელს ხელოვანი საქართველოში ჩატარებულ „ეთნო ფესტის“გრან-პრის მფლობელი და გამარჯვებული გახდა. ბოლო დროს აქტიურად მუშაობს მინანქრის და ვერცხლით დამზადებულ ექსკლუზიურ ახალ კოლექციაზე, რომლის მთავარი თემა- ქართული ვაზი და ყურძენია, რაც ამ ნაწარმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საუბარია მრავალმხრივად ნიჭიერ ხელოვანზე, მარიამ თუშიშვილზე.

© photo: courtesy of Mariam Tushishviliმარიამ თუშიშვილი
მარიამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილი

- ქალბატონო მარიამ, როდის დაინტერესდით ტიხრული მინანქრის ხელოვნებით და სად შეისწავლეთ?

— ბავშვობიდან ვხატავ და დაკავებული ვარ ხელსაქმით, დავდიოდი ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეაში, სადაც ვსწავლობდი ხატვას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რომელსაც ჩემს დროს პიონერთა სასახლე ერქვა, მონაწილეობას ვიღებდი ჯგუფურ გამოფენებში. 2002 წელს დედის ინიციატივით მივედი გალერეა „ორნამენტში“ ტიხრული მინანქრის შესასწავლად, მას მერე შეყვარებული და მონუსხული ვარ ამ დარგით. ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს და თითოეული ნივთის დამზადებაში უდიდეს სიყვარულს ვაქსოვ.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილი
მარიამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილი

- თქვენი პროფესია მონუმენტური დეკორატიული მოხატვაა, რომელი ობიექტები გაქვთ მოხატული?

— სტუდენტობის დროს, ბატონმა გია ბუღაძემ წაგვიყვანა იაშვილის კლინიკაში, სადაც ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება უნდა გახსნილიყო და ჩვენ ფასადი უნდა მოგვეხატა. ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი ფასადსა და კედელთან. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იყო და კარგი გამოცდილებაც მივიღეთ. კედლები ბავშვისთვის საინტერესო და ფერადი ნახატებით გავაფორმეთ. მე და ჩემს ორ მეგობარს რენტგენის ითახის კედლები და ჭერი მოგვახატინეს. ეს იმიტომ, რომ პატარა პაციენტებს რენტგენის გადაღების დროს ოთახში არ შეშინებოდათ და არ განძრეულიყვნენ. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი აკვაპარკის მოხატვა იყო., მისი კედლები მთელმა კურსმა გავიყავით და ისე მოვხატეთ.

© photo: courtesy of Mariam Tushishviliმარიამ თუშიშვილის მიერ მოხატული კედელი
მარიამ თუშიშვილის მიერ მოხატული კედელი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის მიერ მოხატული კედელი

- ვიცი, რომ ფერადი მინა მოგწონთ და მათ დეტალებად იყენებთ სამკაულებში…

— როცა აკადემიაში ვაბარებდი მაშინ ფერადი მინის დარგი სამწუხაროდ არ იყო ტექნიკურად გამართული და განვითარებული. სწავლება მხოლოდ თეორიით შემოიფარგლებოდა და ამიტომ სხვა სპეციალობა ავირჩიე. მინის სიყვარული, ასე ვთქვათ, ტიხრული მინანქრით ჩავანაცვლე. რამდენიმე ნამუშევარში განსაკუთრებით ბროწეულებში გავაკეთე მინის, მიკრომოზაიკის და მინანქრის სინთეზი, რაც ბროწეულებს უფრო აღქმადს და მოცულობითს ქმნის. მონუმენტური მოხატვის ზეგავლენა სულ მაქვს და მასიური ნივთების გაკეთებაც მომწონს. გაკეთებული მაქვს სარკის ესკიზი, რომელიც მასიური რკინის და მინანქრის 16 დეტალითაა გაწყობილი. სარკის დამზადებაში დამეხმარა მჭედელი როინ ჯარიაშვილი, რომელიც სარკის იდეის ხორცის შემსხმელია, მე უკვე დასრულებული ნამუშევარი შევამკე მინანქრით.

© photo: courtesy of Mariam Tushishviliმარიამ თუშიშვილის ნამუშევარი
მარიამ თუშიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნამუშევარი

- რომელიმე საინტერესო კერძო შეკვეთას ხომ არ გაიხსენებთ?

— იაშვილის კლინიკის მოხატვის დროს იქ გერმანელი ოჯახი მოვიდა. როგორც შემდეგ აღმოვაჩინეთ ისინი საქართველოში ჩამოსული ელჩები იყვნენ. ეს ოჯახი ლვოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და როცა ჩვენი ნამუშევარი ნახეს თავისი ეზოს მოხატვა შემოგვთავაზეს. საქართველომდე ისინი თურმე მექსიკაში იყვნენ დიდი ხანი და უნდოდათ, რომ თბილისური ეზო მექსიკურ სტილში გაეფორმებინათ. ეს იყო პირველი დაკვეთა, რომელმაც საოცარი გამოცდილება შეგვძინა და შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. შემდეგ იყო ბევრი სკვერისა და ბაღის მოხატვა. მოვხატეთ ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება, რომელიც „მაკდონალდსმა“ დააფინანსა. ასევე, საბურთალოზე კუტუზოვის ქუჩა, ყაზბეგის გამზირი, ნუცუბიძის მესამე მიკროში სკვერი, აფრიკის პარკი მოვხატეთ, ამფითეატრის სტილის ნაგებობა, გლდანის მე-6 მიკროში პარკი მოვხატეთ, ასევე, სამგორის რაიონში, ჩემს სახლთან პარკის რეაბილიტაცია იყო და ისიც მოვხატეთ, სვანეთის უბანში შენდებოდა ეკლესია, რომლის კედელი ქართული თემატიკით მოგვახატინეს- ეს იყო ომიდან დაბრუნებული გამარჯვებული მეომრების და ბედნიერი ხალხის დახვედრის სცენა.

© photo: courtesy of Mariam Tushishviliქართული თემატიკით მოხატული კედელი
ქართული თემატიკით მოხატული კედელი - Sputnik საქართველო
ქართული თემატიკით მოხატული კედელი

 - ცალკე თემაა მინანქრისგან დამზადებული უჩვეულო დიზაინის სამკაულები…

— ჩემი მომხმარებელი ძირითადად ტურისტები არიან, ვაბარებ გალერეა „ორნამენტში“, სადაც მინანქარი შევისწავლე. ამ გალერეის მიერ რამდენიმე გამოფენაზე იყო ჩემი ნამუშევრები გატანილი. ვიღებ შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ჩემს ნაკეთობებს გერმანიასა და ამერიკაში ვაგზავნი. ვთანამშრომლობ „ეთნოდიზაინთან“ და გალერეა,,ქისასთან“, სადაც შეიძლება ჩემი ნამუშევრების შეძენა.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა

- ქალბატონო მარიამ, მართალია, რომ ფლორენციის მერის მეუღლეს დაუმზადეთ საყურეები?

— მოგიყვებით ეს როგორ მოხდა: ჩემი ახლობელი მუშაობს ქალაქ ფლორენციის მერის ოჯახში და ერთხელ გადაწყვიტა, რომ მისი მეუღლისთვის ქართული მინანქარი ეჩუქებინა. იტალიიდან დამიკავშირდა და შემიკვეთა. როდესაც ჩემი ნამუშევარი უნახავს, ის ქალბატონი თურმე აღფრთოვანებულა, მანამდე მინანქარი ნანახი არასოდეს ჰქონდა და თურმე  ვერ იჯერებდა, რომ ასეთი ნივთი ხელით იყო შესრულებული.

© photo: courtesy of Mariam Tushishviliმარიამ თუშიშვილის ნამუშევარი
მარიამ თუშიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნამუშევარი

- ბოლო დროს მუშაობთ ვერცხლით გაწყობილ მინანქრის სამკაულებზე, რომლებზეც ყურძნის მტევნებია გამოსახული, ეს ექსკლუზიური კოლექციაა? 

— „ყურძნები“ ახალი კოლექციაა, რომლებიც ჩემი ესკიზით შეიქმნა და ექსკლუზიურია. ფოთლები დამზადებულია მინანქრით, მტევანი —ბუნებრივი ქვებითაა აწყობილი, სხვადასხვა ჯიშის ყურძნები გავაკეთე. თითოეული ნივთი განსხვავებულია და არ მეორდება — საავტოროა. ამ სამკაულის შესაქმნელად ინსპირაცია ქართული ვაზი და ყურძნის ჯიშები გახდა. ის ქართულ ღვინოზე შეყვარებული ტურისტებისთვისაცაა განკუთვნილი, რომელიც მას თან გაიყოლებენ და ლამაზ მოგონებებთან ერთად სამახსოვროდ დარჩებათ. ჩემთვის ხელოვნება ფერადი სამყაროა, რომელიც ნაცრისფერ და მოსაწყენ ყოველდღიურობას ათბობს და ალამაზებს. დიდი ფუფუნება და გამართლებაა, რომ იყო იმ საქმეში და აკეთებდე იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს და გაბედნიერებს…

ყველა ახალი ამბავი
0