თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დღესასწაულს — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს.
საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან >>
ყველაზე დატვირთული პროგრამა თბილისში იქნება. ღონისძიებათა ძირითადი ნაწილი ჩატარდება რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
თბილისში ღონისძიებების ძირითადი ნაწილი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტო, 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. მათ შორისაა XX საუკუნის 20-იანი წლების თბილისური ბაზარი; აგროპროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა; თემატური დეკორაციები და მსახიობები; 20-იანი წლების ღია სტილის კაფე „ლაღიძე"; დეკორირებული სცენა – ფოლკლორული და ქალაქური ტიპის შემსრულებლების პროგრამით; სოფლის მეურნეობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგამოფენო სტენდები და ფოტომასალა; ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის ზონა – ინფორმაციული სტენდები და ენდემური ჯიშის პურების გამოცხობა.
მოსწავლე ახალგაზრდობის ტერიტორიაზე 11:00 საათიდან პროექტ „დროის ისტორიას“ ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიებები: პანტომიმის თეატრის მსახიობთა მსვლელობა; თეატრალური წარმოდგენები; ისტორიული ექსპონატების გამოფენა. ხოლო 17:10 საათზე მსახიობები დეტალებში გააცოცხლებენ ისტორიულ მოვლენას — საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის დღესა და დროს.
არანაკლებ საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებებს აწყობს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: დეკორატიული მცენარეებისგან და თიხის ქოთნების ყვავილების ლაბირინთი, ფიროსმანის ნახატების ფერებისგან შექმნილი ინსტალაციები, ბოთლის სახურავებით შექმნილი ნახატები, ვირტუალური მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე, პლასტიკის ნაწარმის გამოფენა, მასტერ-კლასი ბავშვებისთვის „როგორ დავრგოთ და მოვუაროთ მცენარეებს?“
მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთ: ხრიდოლი, საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის შოუ „შავფაროსნები“, აღმოსავლური ორთაბრძოლა, ქუჩის კალათბურთი, მხატვრული ცეკვები, ჭიდაობა, რაგბის საჩვენებელი ვარჯიში, ჭადრაკი და ნარდი. ბავშვებისთვის — მხიარული სტრატები და კლდეზე ცოცვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ქალაქებში გზებზე შეზღუდვები წესდება >>
საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს ქართული დიპლომატიის ისტორიის ექსპოზიციას, უნიკალურ საარქივო მასალებს, დოკუმენტებსა და ფოტოებს.
მიხეილ მესხის სახელობის „ლოკომოტივის“ სტადიონზე 22:00 საათზე შედგება ბრიტანული სუპერვარსკვლავის, ჯეიმს ბლანტის კონცერტი. ჯეიმს ბლანტთან ერთად „დამოუკიდებლობის დღის“ ფესტივალზე წარდგებიან სხვა მუსიკოსებიც, მათ შორის როკ-ჯგუფი Loudspeakers-ი (18:30 საათზე), ინდი-როკ-ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი (19:30 საათზე),სამხრეთაფრიკული ინდი-როკ-ჯგუფი The Parlotones (20:30 საათზე).
კოტე აფხაზის ქუჩაზე ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც საქართველოს საუკეთესო ფლორისტები და მებაღეები 11:00 საათიდან 21:00 საათამდე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ.
თავდაცვის სამინისტრო მოაწყობს შეიარაღების გამოფენას და ორ საგამოფენო სივრცეს. გარდა ამისა, თბილისსა და საქართველოს ხუთ ქალაქში ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში დასრულდება გალა-კონცერტით ვარდების მოედანზე. ქვეყნის ისტორიის 100-წლიან პერიოდზე მუსიკის ენით ისაუბრებენ საუკეთესო კომპოზიტორები, დირიჟორები, მუსიკოსები. თითოეული კომპოზიტორი გარკვეული დროის მონაკვეთს წარმოადგენს. მაგალითად, დათო ევგენიძე — 1918-1940 წლებს, მიხეილ მდინარაძე — 1940-1960 წლებს, ნიკოლოზ მაჩაიძე — 1960-1980, ნატალია ბერიძე — 1980-2000, არჩილ გიორგობიანი — 2000-2018 წლებს.
საზეიმო ღონისძიებები აგრეთვე გაიმართება გორში, რუსთავში, მცხეთაში, ამბროლაურში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, თელავში, ჭიათურაში, ახალციხეში და წყალტუბოში. რეგიონის მცხოვრებლები დაათვალიერებენ სამხედრო ტექნიკის გამოფენას, ეთნოგრაფიულ კუთხეებს, გამოფენებს, დაესწრებიან მუსიკალურ და თეატრალურ წარმოდგენებს, ფოლკლორული კოლექტივების კონცერტებს, დააკვირდებიან სპორტულ ღონისძიებებს და ღია ცის ქვეშ კაფეში დაისვენებენ.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.