„ფასის ბიტკოინებში მითითება ბინის მეპატრონის თხოვნის საფუძველზე მოხდა. მეტი ჩვენ არაფერი ვიცით და, საერთოდ, ასეთი შემთხვევა პირველად გვაქვს“, – განუცხადა უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელმა ჩვენ ჟურნალისტს.
უძრავ-მოძრავი ქონების ბიტკოინებზე ყიდვა-გაყიდვა საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა ფიზიკურ პირებს შორის კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების ფაქტებს ადგილი ადრეც ჰქონია. მაგალითად, თბილისში შარშან „მერსედესის“ მარკის ავტომობილი 2 ბიტკოინად გაიყიდა.
დღეს 1 ბიტკოინის ფასი სხვადასხვა კრიპტობირჟაზე დაახლოებით 8 000 დოლარია.
საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, თუმცა ფიზიკურ პირებს შორის ვირტუალური ფულით ანგარიშსწორება მაინც ხდება.
„ბიტკოინით გადახდა დღეს საქართველოში იგივეა, რაც ბარტერით გადახდა, აი, მაგალითად, რაიმე ნივთი რომ იყიდოთ ოქროთი", – აღნიშნა პირველი ქართული კრიპტოვალუტის „ოქროს საწმისის" შემქმნელმა ვახტანგ გოგოხიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა. ამდენად, ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.
ეროვნულ ბანკში ვირტუალური ვალუტების რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზეც საუბრობენ, თუმცა როდის მოხდება ეს და რა ფორმით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ვახტანგ გოგოხიას აზრით, რეგულაციები საჭიროა და, პირველ რიგში, თაღლითებისგან თავის დასაცავად. მანამდე კი სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ სექტორის მიმართ და დასახოს შესაბამისი სტრატეგიაც, რათა ინვესტორებს არ ჰქონდეთ გაურკვევლობის შიში.
„მალტამ მილიარდობით დოლარი მოიზიდა კრიპტო-კომპანიებისთვის ლიბერალური პოლიტიკის დაფიქსირებით, ჩვენც გვაქვს ამის შანსი, მაგრამ დროული მოქმედებაა საჭირო და არა ლოდინი“, — მიაჩნია ვახტანგ გოგოხიას.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ბლოკჩეინ–ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია და წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი კომპანიის სამშობლოს. კრიპტოვალუტის მოპოვებაში ან ინვესტირებაში საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5 პროცენტია ჩართული. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის მოპოვების ფართოდ გავრცელება მნიშვნელოვნად განპირობებულია საგადასახადო შეღავათებითა და ელექტროენერგიის დაბალი ფასით.
coinmania.ge-ს თანადამფუძნებლის სულხან ჯაშის განცხადებით, საქართველოს ძალიან დიდ პოტენციალი გააჩნია ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
„ჩვენთან ამ მსოფლიო რევოლუციურ ინოვაციას ხელშეწყობა თუ ექნება, საქართველო დაიკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას მსოფლიოს მაშტაბით“, – აღნიშნა სულხან ჯაშმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილებით მოიპოვებენ „მონეტებს".
ნატა პატარაია