თბილისი, 20 დეკემბერი —Sputnik. ბოლო პერიოდში მსოფლიოში ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოს თანდათან იპყრობს ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტა. იგი ციფრულ ქონებას და ელექტრონული გადახდის ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ჯერჯერობით ვერცერთი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს.
კრიპტოვალუტა — ეს ვირტუალური ფულია, რომლის მსოფლიო მიმოქცევა 400 მლრდ აშშ დოლარია. ბიტკოინი, რომლის კურსმაც ბოლო დროს ყველა რეკორდი მოხსნა, კრიპტოვალუტის ყველაზე ცნობილი მაგალითია. ბოლო დროს ბიტკოინი საქართველოშიც გამოჩნდა და მას სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს.
„ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს'', — ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოება გაითვალისწინონ: ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა. ამდენად, ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ; ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში (რადგან არ არსებობს ცენტრალური ორგანო — რედ.) მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად გართულდება.
„ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა, აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთან, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა,''- ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი ასევე განმარტავს, რომ ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა მას მიმზიდველს ხდის არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის, ფულის გათეთრებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების ღირებულებამ ბოლო დღეებში რეკორდული ნახტომი გააკეთა. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება 3 ათასი აშშ დოლარი იყო, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას აშშ დოლარს მიუახლოვდა. დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 16 626 აშშ დოლარამდე დაეცა.