იძულებითი ათოსნობა თუ ლაღი ბავშვობა: რის ფასად შეიძლება გახდეს ბავშვი წარმატებული

© Flickr / Chris & Karen Highland / consumer confidence!თავდაჯერებული ბავშვი
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ყველა მშობელს უნდა, მისი შვილი განათლებული და წარმატებული იყოს. ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოირჩეოდეს სხვა მოსწავლეებისგან, მიიღოს არაერთი ჯილდო და დაიმსახუროს შექება. თუმცა ზოგჯერ მშობლები ვერ აანალიზებენ, რის ხარჯზე უწევთ ბავშვებს ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება და მშობლების „გულის მოგება“.

ქართულ სასწავლო სივრცეში შეფასებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შეფასება მნიშვნელოვანია თითქმის ყველა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის, მათი მშობლებისა და პაპა-ბებიებისთვის. სამწუხაროდ, უმეტესად მოსწავლეთა ნიშნები განსაზღვრავს მის წარმატებას. მშობლების გარკვეული ნაწილი მკაცრად აკონტროლებს, აქვს თუ არა მის შვილზე მაღალი შეფასება სხვა მის კლასელს, მეგობარს, მეზობელს. პრობლემა კი სწორედ ამ „შეჯიბრში“ იკვეთება. ყველას გვინახავს წარჩინებული ათოსანი, რომელიც ჭეშმარიტ განათლებას მნიშვნელოვნად ემიჯნება. სამწუხაროდ, ბავშვები სწავლობენ  ნიშნების და არა განათლების მისაღებად.

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
ბავშვების აღზრდის საფუძველი - პროფესია: „ცოლი და დედა“, „ქმარი და მამა“

მშობლები ორ კატეგორიად იყოფიან. პირველი, რომელსაც სურს, რომ შვილმა სკოლა ათ ქულებზე დაამთავროს, ყველა საგანში ერთნაირად წარმატებული იყოს (არც ეკითხება ბავშვს, რომელი საგანი უფრო მოსწონს, რომელი საგანი ანიჭებს სიამოვნებას და ა.შ.). ალბათ წარმოუდგენელია, ბავშვს ერთდროულად უყვარდეს ფიზიკა, ქიმია, ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ა.შ. ამის მიუხედავად, მშობელს ბავშვი ჰყავს სტრესში, გამუდმებით უჩიჩინებს, რომ არ უნდა მიიღოს დაბალი ქულა, არ უნდა აჯობოს კლასელმა, არ უნდა ასწიოს წიგნებიდან თავი, სანამ ყველა გაკვეთილს არ მოამზადებს, არ აქვს მეგობართან წასვლის უფლება, თუ ყველა დავალება არ აქვს შესრულებული… ამ კატეგორიის მშობელი მხოლოდ შეფასებებზეა ორიენტირებული და შვილის სოციალური უნარების განვითარებას ხელს არ უწყობს, არ ეხმარება აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები. მშობლები ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, შვილში ინვესტიციას დებენ და აქვთ საკუთრი გათვლები. შვილებს კუთვნილებად აღიქვამენ და არა დამოუკიდებელ ინდივიდებად. ამ დროს მშობელი ვერ აანალიზებს, ამით რა ზიანი შეიძლება მიადგეს მის შვილს მომავალში.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ტოქსიკური მშობლები, ანუ „ჩემთან ყოველთვის ვალში იქნები“

არსებობს მშობლების მეორე კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს შვილის ინტერესებს, მოთხოვნილებებს, სურვილებს. აძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას, არ ცდილობს საკუთარი სურვილები და ინტერესები მოახვიოს თავზე, არ ისწრაფვის, რომ მისმა შვილმა საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოახდინოს მიღებული „ათიანებით“. სკოლაში მიღებული უმაღლესი შეფასება არ არის მისთვის პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი. ორიენტირებულია შვილის თავისუფალ, დამოუკიდებელ აზროვნებაზე და სწორ განვითარებაზე.

საინტერესოა ამ ორი შემთხვევიდან რომელი ბავშვი მიაღწევს ცხოვრებაში წარმატებას, რომელი უფრო თავდაჯერებული და ლაღი იქნება, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მოზარდზე ძალდატანებით და იძულებით ნასწავლმა გაკვეთილებმა, მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებულმა დავალებებმა? გამოიღებს კი მომავალში ასეთი სწავლა შედეგს? ამ კითხვებით ფსიქოლოგს, გეშტალტთერაპევტს, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელს ბარბარე ჭკუასელს მივმართეთ.

© FB / Idly - psychological consulting diagnostic centerბარბარე ჭკუასელი
ბარბარე ჭკუასელი - Sputnik საქართველო
ბარბარე ჭკუასელი

— მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ახერხებენ ბავშვები წარმატების მიღწევას. წარმატების მიღწევა სასკოლო ასაკში ასოცირდება შეფასებასთან, ნიშნებთან. მნიშვნელოვანია, როგორ და რის ფასად იღებენ მოსწავლეები ამ შეფასებას. მშობლებს განსხვავებული მიდგომა აქვთ ბავშვების შეფასების მიმართ. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ბავშვებსაც განსხავებული დამოკიდებულება აქვთ. არიან მშობლები, რომელთათვის წამყვანია ის, თუ რა ქულას მიიღებს მისი შვილი სკოლაში, და არიან მშობლები, ვისთვისაც წამყვანია ის, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ბავშვი სკოლაში, როგორია მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, როგორია მისი ურთიერთობები და კომუნიკაცია.

გედი - Sputnik საქართველო
გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? ამისთვის ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ...

მშობელი ზოგჯერ თავად უბიძგებს ბავშვს, რომ მნიშვნელობა მიანიჭოს მხოლოდ ქულას. ამ შემთხვევაში რისკი ძალიან დიდია. შესაძლოა ბავშვისთვის რეალურად სხვა რამ იყოს მნიშვნელოვანი და ამ დროს ვეღარ აკეთებს აქცენტს იმაზე, რაც მისთვის არის მნიშნელოვანი. თუ მშობელს დიდი სურვილი აქვს, რომ ბავშვი მაღალ ქულებზე სწავლობდეს, ბუნებრივია, ბავშვს უნდა, რომ მშობლისგან შექება დაიმსახუროს და ჰქონდეს გარკვეული მხარდაჭერა. ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მიიღოს მაღალი ქულა. ეს ბავშვისთვის, შესაძლოა, სტრესის გამომწვევი იყოს. ასეთ დროს რისკ-ფაქტორი ყოველთვის არის თვითშეფასება. ანუ, ბავშვი მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ ქულას და ფიქრობს, რომ თუ ის მიიღებს მაღალ ქულას, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის კარგი ადამიანი, კარგი მოსწავლე, კარგი შვილი. ბუნებრივია, მისი თვითშეფასება დამოკიდებულია მხოლოდ ქულაზე. სკოლის დასრულების შემდეგ, როცა ის ვეღარ აგრძელებს მაღალი ქულების მიღებას, ან აღარ აქვს მაღალი მოტივაცია, ან მშობლების ზეწოლა აღარ არის, ის ვეღარ იღებს ასეთ მაღალ ქულებს, მისი თვითშეფასება კი ეცემა. თუ მშობლისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ქულები და ეს არის წარმატების გარანტი, ბავშვი ზრდასრულ ასაკში იმედგაცრუებული რჩება. ის აცნობიერებს, რომ მიღებული ქულები, რომელიც სტრესის, ან ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ჰქონდა მიღებული, დღეს არაფერში აღარ ადგება და რეალურად ის არ არის წარმატებული ადამიანი.

მარია მონტესორი - Sputnik საქართველო
თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

წარმატებული ადამიანის ფორმულა არის ის, რომ ადამიანმა შეძლოს ბედნიერების შეგრძნება. რეალურად ამ ბავშვებს ეს არ შეუძლიათ, რადგან არიან სტრესში, ზეწოლის ქვეშ, არ აქვთ დრო გაერთონ მეგობრებთან ერთად, გარკვეული დრო გაატარონ ისე, როგორც მათ სურთ. ბედნიერებაა ბავშვისთვის, როცა შეუძლია აკეთოს ის, რაც მას სიამოვნებს და აინტერესებს. ამ ბავშვებს ამის კეთება არ შეუძლიათ, რადგან მხოლოდ მშობლების მოთხოვნებზე და სურვილებზე არიან ორიენტირებული. ბავშვი არ უნდა იყოს ყოველთვის დაძაბული, უნდა შეეძლოს მოდუნება, მშვიდად ყოფნა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ბავშვს, რომელიც ამ ყველაფერს მოკლებულია, უმეტეს შემთხვევაში, აქვს დაბალი თვითშეფასება. ზრდასრულ ასაკში, როცა აღმოაჩენენ, რომ ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რაც მათ მშობლებს სურდათ, არ არიან წარმატებულები, ბუნებრივია, არიან იმედგაცრუებულები, გულნატკენები.

მშობლებისთვის, რომელთათვის მნიშვნელოვანია შვილების ბედნიერება, ქულები მეორეხარისხოვანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არიან ბედნიერები, როცა მათი შვილი მაღალ ქულას იღებს, ან არ მოსწონთ, როცა ბავშვი კარგად სწავლობს. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ, უხარიათ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არსებობს ცხოვრებაში. მაგალითად, ის, რომ ბავშვმა აკეთოს ის, რაც უნდა, რაც სიამოვნებას ანიჭებს. როცა ბავშვს რაღაც უნდა და აინტერესებს, იმ საკითხში, სფეროში უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე აკეთოს ის, რაც მშობლებს სურთ. როცა მშობელი უწყობს ბავშვს ხელს, რომ გააკეთოს ის, რაც მას სურს, ამ დროს ბავშვს მოტივაციაც ბევრი აქვს და იცის, რომ მშობლისგან აქვს უპირობო სიყვარული. მისი სიყვარული არ არის დამოკიდებული ქულებზე და მის წარმატებაზე. იცის და გრძნობს, რომ მშობელს უყვარს ისეთი, როგორიც არის. ის მიიღებს ათიანს, თუ შვიდიანს, მშობლისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძნობს, რომ მისი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია. ეს ძალიან დიდი ბაზისური დამოკიდებულებაა. ეს ხელს უწყობს, რომ ბავშვი ცხოვრებაში იყოს ბედნიერი და წარმატებული. ამ დროს თამამად შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება და გატანა. ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ეჩვევიან აკეთონ ის, რაც უყვართ და არიან ბედნიერები, მშობლები კი ამაში მხარს უჭერენ, მომავალში უფრო ლაღები, თავდაჯერებულები, წარმატებულები არიან, აქვთ მეტი გასაქანი. საკუთარ საქმეს უფრო თამამად, დიდი ნაბიჯებით აკეთებენ და არიან ლიდერები ცხოვრებაში.

ყველა ახალი ამბავი
0