თბილისი, 24 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი სერ ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართავს, ნათქვამია SOLO-ს („საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება) ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
ლეგენდარული მომღერლის და მისი ბენდის კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.
ელტონ ჯონის გაუქმებული კონცერტი საქართველოში მაინც გაიმართება>>>
აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის კონცერტი ჯერ კიდევ 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის, დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალური დირექტორი და ბენდის უცვლელი წევრია 1972 წლიდან.
შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 1 ივლისის კონცერტზე.
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions-ი და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE- სა და SOLO ლაუნჯშია შესაძლებელი და მისი ფასი 150-დან 700 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება SOLO-ს მომხმარებლებს, მათთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება.
ელტონ ჯონი 2018 წლის სექტემბერში ბოლო მსოფლიო ტურნეს — Elton Farewell Tour- იწყებს, რომელიც სამ წელს — 2021 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში იგი ყველა კონტინენტს ეწვევა და 300 კონცერტს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.
მომღერალმა იანვარში განაცხადა, რომ ბოლო მსოფლიო ტურნეს შემდეგ საგასტროლო მოღვაწეობას საბოლოოდ შეწყვეტს. მსოფლიო მედია ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ელტონ ჯონის შერყეული ჯანმრთელობა უდევს, თუმცა თავად მომღერალი ყველაფერს პრიორიტეტებითა და ფასეულობებით ხსნის. როგორც ის ამბობს, ახლა მას სურს მეტი ყურადღება და დრო ოჯახს დაუთმოს.
მუსიკოსთან მოლაპარაკებები საქართველოში კონცერტით ჩამოსვლასთან დაკავშირებით, წელიწადნახევარზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ჰონორარის თანხა არ კონკრეტდება.