გუშინ „კაფე გალერი", დღეს „ბასიანი": ვინ და რატომ დაურეკეს შსს-დან ზვიად გელბახიანს

© Sputnik / Shota Nozadzeღამის კლუბი Bassiani
ღამის კლუბი Bassiani - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცნობილმა ღამის კლუბებმა, მათ შორის „ბასიანმა", მუშაობა 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეწყვიტეს

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კლუბ „ბასიანს" (BASSIANI) დღეს ლუქს ახსნიან და კლუბის მფლობელებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მისცემენ, ნათქვამია ღამის კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელის, ზვიად გელბახიანის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნება თუ იძულება: სკანდალურად ცნობილი „კაფე გალერი" კვლავ გაიხსნა>>>

თბილისში ცნობილმა ღამის კლუბებმა, მათ შორის „ბასიანმა", მუშაობა 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეწყვიტეს, რომელსაც ახალგაზრდების საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მფლობელებისა და კლუბების სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აღნიშნული შენობების გარეთ დააკავეს, სპეცრაზმი კი კლუბებში მაინც შევიდა. უფრო მეტიც, ახალგაზრდები პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში სდებდნენ ბრალს.

„მეგობრებო, დაგვირეკეს შსს-დან და გვითხრეს, რომ „ბასიანს" გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მე მგონი სახლში ვბრუნდებით", — წერს გელბახიანი.

კლუბი "ბასიანი" ამ დრომდე დალუქული იყო, „კაფე გალერი" კი გუშინ გაიხსნა. გარდა ამისა, გუშინ მუშაობა განაახლა კიდევ ერთმა ღამის კლუბმა Blow Bar —მა, რომელიც "კაფე გალერის" შენობის მეორე სართულზე მდებარეობს.

გუშინ „ბასიანის" დამფუძნებლებმა 27 მაისისთვის ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, თუ 1 ივნისამდე „ბასიანი" არ გაიხსნებოდა, ფინანსური ზარალის გამო დახურვის საშიშროება ემუქრებოდა.

Synthetic drugs - Sputnik საქართველო
ცნობილია, საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი

გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, აქციის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

აქციაზე სიტუაცია 13 მაისის საღამოს დაიძაბა, როდესაც ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პარლამენტთან შეკრებილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილებს ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0