თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ნარკოტიკები საქართველოში ევროპიდან, აღმოსავლეთიდან და ინტერნეტის გზით შემოდის, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, როდესაც პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხობდა.
გახარიამ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია შეაფასა >>
ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა შსს-ს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ამჟამად უწყება ქსელის გამოვლენაზე მუშაობს, რომელიც „კლუბური ნარკოტიკის“ ტრანსპორტირებას ევროპიდან ახორციელებს. ამისათვის 11-12 მაისის ღამეს თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროს რვა პირი დააკავეს. ამის შემდეგ სპეცრაზმი ცნობილ ღამის კლუბებში შევიდა, რომლებიც ნარკომოვაჭრეებთან კავშირებში იყო შემჩნეული. ამან ახალგაზრდების პროტესტის ტალღა გამოიწვია და რუსთაველის გამზირზე ორდღიან საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.
„დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალიან სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტით გავრცელება და მესამე — კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ევროპის ქვეყნებიდან ხდება“, — განაცხადა გახარიამ.
შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა >>
შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ სირთულეს ინტერნეტის გზით ნარკომოვაჭრეთა გამოვლენა წარმოადგენს.
„ერთადერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ღონისძიებების საშუალებებით გამოვლენა კონკრეტული შემთხვევების. მოგეხსენებათ, ჩვენ მარეგულირებელთან ერთად, რამდენჯერმე დავბლოკეთ რამდენიმე საიტი, თუმცა, ჰოსტინგის სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას და გვრჩება ერთადერთი გზა — ფიზიკური თვალთვალის საშუალებებით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გამოვავლინეთ, ერთი იყო გახსნილი, თუმცა, გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზე რთულია, ამიტომ აქ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას“, — განაცხადა გახარიამ.
ნარკოტიკების რეალიზაცია საქართველოში ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით — უვადო პატიმრობის ჩათვლით ისჯება. ამჟამად საქართველოს პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ნარკოტიკების გასაღების ნაწილში სასჯელის გამკაცრებას და მომხმარებელთა მიმართ სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს.