თბილისი, 18 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დეპუტატებს ღამის კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები მიაწოდა.
საგამოძიებო მოქმედებები ღამის კლუბებში 11-12 მაისის ღამეს პირველ საათზე დაიწყო. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე დააკავეს ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულები, რომლებიც უკვე პატიმრობაში არიან.
„პირველ რიგში მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, მადლობა გადავუხადო, რამეთუ ჯერჯერობით ვერავინ, ვერცერთი მაგალითით უფლებამოსილების გადამეტების ვერ წარმოადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში სათანადო რეაქცია გვექნება“, — განაცხადა გახარიამ.
შემდეგ მან ისაუბრა ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღების საქმის გამოძიების დეტალებზე, რომელიც სამი თვე გრძელდებოდა.
„ამ ღონისძიებას სამთვიანი ღონისძიებები უძღვებოდა, რომლის შედეგად ცალსახად ფაქტობრივი მასალებით დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა სისტემატურად ხდებოდა“, — განაცხადა გახარიამ.
შსს-ს მოქმედებებს საფუძვლად დაედო სასამართლოს განჩინება, რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით ხელმძღვანელობდა. შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა როგორც ღამის კლუბების მიმდებარედ, ისე შიგნით არაერთხელ განახორციელეს.
„აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვით გავქვს დაფიქსირებული სასამართლო განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი… არცერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვა კლუბის შიგნით — ღონისძიება არ გაგვიხორციელებია“, — განაცხადა გახარიამ.
მინისტრმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.
„მაგალითად, ჩვენს გვაქვს გადაღებული შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა" (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება — „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ". შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას“, — აცხადებს გახარია.
ღამის კლუბებთან ნარკომოვაჭრეების კავშირის დასადასტურებლად მან ერთ-ერთი დაწესებულების დაცვის უფროსის მაგალითი მოიყვანა.
„ამის შემდეგ ჩნდება კითხვა — იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრმა გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქმე სისტემურ პრობლემას ეხებოდა.
„კარგად გესმით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, [პრობლემაა] როდესაც გარკვეული სოციუმი გვიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება საკმაოდ ქაოტურად, საკმაოდ ორგანიზებულად, და როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა, რომ მათ მიემართათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ, რომ მოგვეხმარეთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში და მაშინ როდესაც ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები ვაჭრობენ ნარკოტიკებით ჩვეულებრივად, ყველანაირი დაცვის გვერდით ავლით, შედიან, გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, — განაცხადა გახარიამ.
მინისტრმა განმარტა, რატომ შევიდა შსს-ს ძალები კლუბებში, მიუხედავად იმისა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირები დააკავეს ქუჩაში.
„12 მაისს, ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყების წინ, დაახლოებით ორის საათის განმავლობაში, იყო დაკავებული რვა რეალიზატორი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა კლუბებს გარეთ. ეს ჩვენი მიზანი იყო. ერთადერთმა უბრალოდ მიგვასწრო. ეს იყო მიზანი, რამეთუ არ ჩაგვეტარებინა ჩხრეკა კლუბში. მეორე – ჩვენ გვქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე და არა ადამიანების ჩხრეკაზე ამ კლუბში“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციამ ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რომ კლუბების სტუმრები არ დაშავებულიყვნენ.
„რატომ იყო ეს დრო არჩეული – მოგეხსენებათ, რომ ორშაბათ დილით კლუბში შესვლა იქნებოდა, როგორც მინიმუმ, გასაკვირი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან აბსოლუტურად ობიექტურად ალბათ, ღიმილის მომგვრელიც. სწორედ ამიტომ იქნა არჩეული ის დრო, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო გუნდმა განსაზღვრა, რომელიც ამ ღონისძიებაზე მუშაობს უკვე სამი თვეა და ამას ჰქონდა თავისი კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები ძალიან მარტივია – კლუბური ცხოვრება იმ გამოცდილებიდან, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მივიღეთ, იწყება დაახლოებით 12 საათზე“, — განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ოპერაციის დროს კლუბებში არავინ დაშავდა.
„აქ იყო მინიმალური რაოდენობა ხალხის მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში. იმ ხალხის, რომელსაც ამ ღონისძიებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამიტომ ჩვენ შევედით და ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში, ვუთხარით – 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თუ თქვენ რამე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას, დატოვოთ აქ და დიდი ბოდიში და მიბრძანდით. თქვენ ვერ მანახებთ ვერც ერთ ადამიანს, რომლის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოვარდა ამ დღეს, რომელიც კლუბის შიგნით იმყოფებოდა და ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა მაგალითად რაიმე ჯანდაცვის ორგანოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ორ ზემოხსენებულ კლუბში ნარკოტიკი 34 ადგილზეა ნაპოვნი. ეს იყო პრეპარატები, რომელიც სტუმრებმა გასვლის წინ დაყარეს.
ამასთან გახარიამ აღნიშნა, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია.
„ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკის სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე“, — აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება სპეცოპერაციის შემდგომ მოვლენებს, მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებები ადმინისტრაციული წესით განხორციელდა — პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.