მოსალოდნელია თუ არა საქართველოში კლუბური რევოლუცია

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დემოკრატია სცილასა და ქარიბდას შორის და არის თუ არა საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე

პარასკევს საღამოს, „ქართული ოცნების“ ყრილობა ჯერ კიდევ გაცივებული არ იყო, პოლიცია კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეიჭრა და იმ ღამის განმავლობაში 8 ადამიანი აიყვანა, რომლებიც ნარკორეალიზატორობაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავების კადრებიდან ჩანს, რომ საპოლიციო ოპერაციაში უდანაშაულო ადამიანებიც მოჰყვნენ.

საპასუხოდ, მეორე დღესვე 10 ათასზე მეტი ახალგაზრდა პარლამენტის წინ შეიკრიბა და ყველაზე დიდი დისკოთეკა გამართა ქვეყნის მთავარ გამზირზე. აღშფოთდნენ 9 აპრილის მონაწილეები, უფროსები, ზოგიერთი ხელოვნურადაც აღშფოთდა. ეს მწვანე და წითელთმიანი გოგო-ბიჭები, ეს საყურიანი და ცხვირგახვრეტილი ახალგაზრდები და მათი მეტყველება არ მოეწონათ —მათ შორის ერთი 9 აპრილის მემორიალზეც ცეკვავდა.

ახალგაზრდები ამტკიცებდნენ, კლუბური და საერთოდ, ნარკოტიკების ლეგალიზებისათვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძვითო, პირველი პოლიტიკოსი გააგდეს კიდევაც აქციიდან, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდნენ ოპოზიციასთან დაახლოებული პირები და სხვა, შესაძლოა, ადამიანის უფლებების დამცველებს თავშეკავება მოუხდათ, ძალაუნებურად არ გამხდარიყვნენ ამ პოლიტიკური ძალების ინტერესებზე უნებლიე წყლისდამსხმელები.

ღამის სპეცოპერაცია თბილისში: პოლიციასთან შეტაკებისა და დაკავების კადრები - Sputnik საქართველო
მშფოთვარე ღამე თბილისში: ნარკორეალიზატორთა დაკავება და ახალგაზრდების პროტესტი

რეალურად, რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და რისთვის იბრძვიან ეს ახალგაზრდები. საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში ათი ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად. ჯერჯერობით ნარკოტიკის სახეობა გაურკვეველია, ამბობენ, რომ რაღაც ახალი სინთეტიკური ნივთიერებაა. მეორეს მხრივ, საქართველოს ოფიციალურად დაახლოებით 40 ათასი ნარკომომხმარებელი ჰყავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს ციფრი გაცილებით დიდია და 200 ათასამდე ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკებს. ეს სულ სამმილიონნახევრიანი სახელმწიფოსათვის ძალიან დიდი ციფრია და ძალიან საშიში შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის. ძალიან ძნელია იყო ნარკომომხმარებლის და, მეზობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, ნათესავიც კი. ეს ადამიანები ხომ წამლისათვის გამუდმებულ ბრძოლაში არიან ჩართულები და მრავალი ხიფათისა და უბედურების სათავენი ხდებიან თავიანთი ლაბილური ფსიქიკით.

რას სთავაზობს მათ სახელმწიფო? ამ ეტაპზე პოლიციურ რეიდებს.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
პოლიციამ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად რვა ნარკოგამსაღებელი დააკავა

დიდი ხანია, საქართველოს პარლამენტში გაჭედილია კანონპროექტი არა ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციის, არამედ იმის შესახებ, რომ მოხმარება აღარ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ისედაც გარიყულ ხალხს ხან 2000 ლარის გადახდა, მეტადონის პროგრამაში ყოფნა ან ციხეში წასვლაღა დარჩენია. რას აძლევს ეს ქვეყანას? ნარკომანები გამოსწორდებიან? ამბობენ, რომ ეს ძალოვანების ინტერესის სფეროა, რადგან ნარკოტიკების შემოტანის გარდა ეს კონტიგენტი ადვილად სამართავი და გამოსაყენებელია. გარდა ამისა, ნარკომაფია იმდენად მსხვილ შემოსავლებს იძლევა, რომ ოფიციალური დონეზე მფარველობის გამოვლენის გარეშე დილერების დაკავება რეალურად ვერავითარ შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან ამ გაჭირვებულ, მოშიებულ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ ნარკოტიკს გაასაღებენ. მთავარია იმის დადგენა, ვის შემოაქვს ამ რაოდენობით საწამლავი ამ ქვეყანაში და ვინ ითბობს ამით ხელს. ისე, ხელისუფლებას და შიდა და გარე ძალებს ასე დაბოლოლი და გამოშტერებული ხალხის მართვაც რომ უფრო უიოლდება, ვიდრე რაფინირებული ინტელიგენტებისა, არც ესაა ახალი ამბავი.

ღამის საპროტესტო აქცია სპეცოპერაციის შემდეგ - Sputnik საქართველო
ახალგაზრდები პოლიციის წინააღმდეგ: სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგი მიტინგის კადრები

მეორეს მხრივ, რა შესთავაზა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ამ ომსა და ძალადობაში გაზრდილ თაობას? რომელი საზოგადო მოღვაწის მაგალითზე უნდა აღზარდონ მათი საკუთარი შვილები? ვინაა მათთვის ავტორიტეტი? ამ დღეებში სოციალურ ქსელში ბევრმა დასვა ეს შეკითხვა.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი წერს, რომ ისინი სწორედ ჩვენი ქმედებების შედეგად არიან ასეთები, თუკი არ მოგვწონს. სინამდვილეში რაღაც უფრო სერიოზული ხდება, ვიდრე ეს ერთი პოლიციური რეიდის შედეგია. ბასიანის ჯურღმულიდან ამ დამალულმა ადამიანებმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს და ხმამაღლა თქვეს, რომ ისინი, მოგვწონს თუ არა ჩვენ, განსხვავებულები არიან, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდა

ამ პრობლემებისაგან გაქცევა ანდა მოყრუება პასუხი არ არის. დიახ, ისინი მამებისაგან ღიად და ხმამაღლა ითხოვენ პასუხს — რატომ ძარცვეს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, მათი ანაბრები, მათი ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტი ბოლო 27 წლის განმავლობაში? რატომ გაყიდეს სამაჩაბლო და აფხაზეთი და რატომ აქციეს 300 ათასი ადამიანი დევნილად? რატომ შეიქმნა და იქმნება ახალი კლანები და კორპორაციები ქვეყანაში, რომელსაც 800 ათასი 180 ლარზე დამოკიდებული პენსიონერი ჰყავს და 165 949 სოციალური დახმარების მიმღები პირი ჰყავს. აქ ბევრი რატომაა, რომელსაც ქვეყანამ, მისმა ხელისუფლებამ, საზოგადო მოღვაწეებმა აუცილებლად უნდა გასცენ პასუხი, სანამ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
უფლებადამცველები: შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

სავარაუდოა, რომ პროტესტის გამოხატვის შემდეგ ახალგაზრდული მოძრაობა დაიშლება, თუკი მის გაღვივებას და გამოყენებას ოპოზიციური პოლიტიკური ძალები არ ეცდებიან. თქვენი არ ვიცი და მე პირადად ეს მოვლენები ძალიან მაგონებს 1970 წლებში ნიუ იორკში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო გამოსვლებს. თემა მაშინაც და დღესაც — უფლებებია.

და კიდევ ახალი შტრიხები — სოციალური ქსელის არსებობამ მოგვცა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ისეთი ფართო შესაძლებლობა, რაც 70-იან წლებში აშშ-ში არც კი დაესიზმრებოდათ. ამ „კვლევის“ შედეგად შეიძლება, დავასკვნათ, რომ მოსახლეობა მკვეთრად გახლეჩილი, დაპირისპირებული და ნაპერწკლის მომლოდინეა. ძალიან მაღალია აგრესიის დონე ერთმანეთის მიმართ. არადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ხალხი, საყურიანი ბიჭებიც, დაბოლილებიც, მწვანე და ლურჯთმიანებიც და ჰალსტუხიანი არამზადებიც, ყველანი ამ ბედკრული საქართველოს შვილები და ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.

კი, პოლიცია ებრძვის დანაშაულს და ჩაატარებს რეიდებს, მაგრამ მათ აღზრდას განათლების კარგი სისტემა და პასუხისმგებლობის მქონე მშობლები, პარლამენტისა და მთავრობის მიერ ზნეობრივი მაგალითის მიცემა და კარგი სახელმწიფოებრივი მოდელის შეთავაზება სჭირდება. და კიდევ — პრობლემა არსებობს, ახლა ის პარლამენტის წინაა, გამოხატულია და ამიერიდან მისმა განხილვამ კაბინეტებში, საზოგადო სივრცეებსა და ტელევიზიებში, თუნდაც კლუბებში უნდა გადაინაცვლოს. ქართული ანდაზაა, რომ ჭირი თავს არ დამალავს. და მის მოსაგვარებლად ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ასევე — მეტი სიყვარული ამ ქრისტიანულ ქვეყანაში მოყვასის, თუნდაც დაცემულის მიმართ.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0