თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წელი სრულდება — ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა.
უწყების ინფორმაციით, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში.
კერძოდ, 22 მაისს, 12:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება — კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომობილები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
მოძრაობა ავტომობილებისთვის 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.