თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის თავმჯდომარე, ასევე 20 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.
საქართველოში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი ვაიდა, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.
მსოფლიო ლიდერები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია", რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.
მაღალი რანგის სტუმრები მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებულ ინსცენირებას დაესწრებიან, ასევე მოუსმენენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს.
გარდა ამისა, ანჯეი დუდა და ანდრეი კისკა ქართველ კოლეგასთან ერთად სიტყვით გამოვლენ თბილისში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
26 მაისს საქართველოში 300-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
თავდაცვის სამინისტრო მოაწყობს შეიარაღების გამოფენას. გარდა ამისა, საქართველოს ექვს ქალაქში, მათ შორის თბილისში ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
XX საუკუნის დასაწყისის თბილისის გაცოცხლებას გეგმავს ღვინის ეროვნული სააგენტო. იგეგმება გასული საუკუნის 20-იანი წლების თბილისური ბაზრის ორგანიზება, აგროპროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა; მსახიობების შოუ, "ლაღიძის" ტიპის ღია კაფეს მოწყობა, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქალაქური სიმღერების შემსრულებლების კონცერტები და ა.შ.
ამას გარდა, 26 მაისს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს ქართული დროშის ფერებში გაანათებენ; მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში, საქართველოსთან მეგობრობის ნიშნად, მემორიალურ დაფებს დაამონტაჟებენ, უმაღლეს სასწავლებლებში მოაწყობენ საქართველოს კუთხეებს, ხოლო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ქუჩა გაიხსნება.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა.