საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ)

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი დააჯილდოვა ღირსების ორდენით (სიკვდილის შემდეგ), ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ქართული მხარე აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებს და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრისას გადასცა.

„ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენ ღირსებას, იცავდა ჩვენ ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას. ჩვენ არჩილს ვანიჭებთ ღირსების ორდენს გარდაცვალების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.

ტატუნაშვილის ოჯახმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მათი შვილის დაფასებისთვის.

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობით დაღუპვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს. არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0