თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე აპირებს დეტალურად განიხილოს საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების შემდგომი რეალიზაციის საკითხები.
აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 24 მაისს გაიმართება.
„ამჯერად, ალბათ, ვისაუბრებთ 2011 წლის შეთანხმების შესრულებაზე საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შესახებ. როგორც თქვენთვის ცნობილია, გასული წლის დეკემბერში ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან, რაც გათვალისწინებული იყო 2011 წლის შეთანხმებით. რუსულმა მხარემ ანალოგიურ კონტრაქტს ხელი პარასკევს მოაწერა. ახლა შევხვდებით, ვნახავთ, სად ვართ შეჩერებული, ზოგადად მიმოვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს", — განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთმა 18 მაისს ხელი მოაწერა შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანია SGS Société Générale de Surveillance SA-სთან, რომელიც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის მონიტორინგს განახორციელებს.
საქართველომ და რუსეთმა შეთანხმებას ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს. ხელშეკრულება გულისხმობს სავაჭრო დერეფნების შექმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს.
ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმება გაფორმდა მას შემდეგ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
არჩევანი შეჩერდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე, რომელთანაც შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველომ კონტრაქტი გააფორმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, SGS-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას რუსეთში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი–ზემო ლარსის" გზაზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.