რატომ მხოლოდ ახლა? – აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის პუტინთან დალაპარაკების სურვილზე

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ მარტში შეეძლო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში, მაგრამ მაშინ მან ეს არ გააკეთა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს გაუკვირდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის სურვილი გამოთქვა თავისი უფლებამოსილების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე.

მარგველაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება, ოთხშაბათს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერთან დალაპარაკებას შეძლებს.

„ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, ეს მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია, რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ?" — განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია Imedi-ს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ვნატრობ იმ დროს, როცა რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, როდესაც არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში გარდაიცვალა და მისი ცხედრის გადმოცემა გაჭიანურდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, პირადად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ მაშინ მარგველაშვილს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულების გამოჩენა კვირიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერით შეეძლო.

„ადრე ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის და ცნობილი პოზიციისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ასეთ შეხვედრაზე მოხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარებისკენ", — აღნიშნა აბაშიძემ.

„ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა">>

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0