თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ პატრულ-ინსპექტორმა მისი ნაცნობები დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან, რის შემდეგაც ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაჰპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნ.კ.-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს.
ამ „მომსახურების“ სანაცვლოდ, თითქოსდა აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად ბრალდებულმა ნ.კ.-ს 6 400 აშშ დოლარი და 4 000 ლარი გამოართვა.
საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.