თბილისი, 21 მაისი — Sputnik. 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ მასალებით, ქალთა შორის უმუშევრობის დონემ 15%, ხოლო მამაკაცებში — 12,7% შეადგინა.
„საქტატის“ მეთოდოლოგიის თანახმად, უმუშევრად მიიჩნევა 15 და მეტი წლის ადამიანი, რომელიც გამოკითხვამდე შვიდი დღით ადრე არ ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ეძებდა სამსახურს და მზადაა სამსახურის დასაწყებად უახლოეს ორ კვირაში.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — 29,6%, ყველაზე დაბალი კი — 65 წლის და მეტი ასაკის პირთა შორის — 3,6%.
ამასთან, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 65,8% შეადგინა, დასაქმების დონე 56,7%-ს შეადგენს.
დასაქმებული მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 51,3% თვითდასაქმებულია. თვითდასაქმებულად მიიჩნევა მესაკუთრე, რომელიც მუშაობს საანგარიშო პერიოდში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოთ მომუშავე პირი.
დასაქმებულად (დაქირავებულად) მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი უმუშევრობის დონის მიზერულ შემცირებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის.
„რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, უმუშევრობის დონე 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით შემცირდა კიდეც. მართალია, ეს მაჩვენებელი მიზერულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებულ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რომლებიც არცთუ მაღალი ტემპით იზრდება", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
მშპ-ს ზრდამ საქართველოში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 5% შეადგინა.