თბილისი, 18 მაისი — Sputnik. დემოგრაფი თამარ ჩიბურდანიძე ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდებს, მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
ჩიბურდანიძე, მთავრობის, პარლამენტის წევრებთან და გუბერნატორებთან ერთად, ერთი კვირის წინ შექმნილი საქართველოს მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრია. საბჭოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. სტრუქტურა ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
„ამაში ყველა საინფორმაციო საშუალება უნდა ჩაერთოს. როდესაც ქვეყანა დიდი ეროვნული პრობლემის წინაშე დგას, ჟურნალისტებმა მოქალაქეებამდე უნდა მიიტანონ პრობლემა", — განაცხადა ჩიბურდანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა>>>
როგორც მან აღნიშნა, დემოგრაფიული პრობლემა შეეხო ევროპასაც. ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები კოლოსალურ თანხას ხარჯავენ მის გადასაჭრელად, რამდენადაც სატიტულო ერები ფაქტობრივად ქრებიან მსოფლიო რუკიდან.
„დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის ყველაზე მთავარი მიზეზი არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნიდან მიგრაციაა, არამედ საზოგადოების ცნობიერება. ეს საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, იაპონიამ დღეს აღიარა, რომ მათთან დემოგრაფიული პრობლემები მხოლოდ იმიტომ მძვინვარებს, რომ მათში ეროვნული ცნობიერება დაქვეითდა. საქართველოშიც მთავარი მიზეზი ეს არის", — აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს შობადობის მკვეთრი კლება ელოდება, რამდენადაც 1980-1990-იან წლებში საქართველოში 445 ათასი გოგონა გაჩნდა, ხოლო 1990-2000-იან წლებში – მხოლოდ 225 ათასი. ანუ დღეისათვის დედობის ასაკში მყოფი გოგონების რიცხვი ორჯერ ნაკლებია.