თბილისი, 20 მაისი — Sputnik. „თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟი მგონია" — განუცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა, ტელევიზია „ტვ პირველის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, იგი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
შაბათს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ 2011 წლიდან მას უცნობი მამაკაცი ურეკავს, ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.
„ციხიდან მირეკავდა ვიღაც ჩემთვის გაუგებარი პიროვნება. რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო, ოღონდ ჩემი შვილის მამა იყო გარდაცვლილი და ვინაიდან გავარკვიე, რომ ციხიდან იყო ზარები, აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. 2013 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, გამოვიდა ციხიდან და უკვე დაიწყო ჩემს პირად ტელეფონზე რეკვა“, — აცხადებს გრიგოლია.
ტელეწამყვანის თქმით, იგი ამ პიროვნებას არ იცნობს და არ იცის, რატომ მოხვდა ის ამ მამაკაცის ინტერესი არეალში.
„იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას…ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი…ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა"- დაწერა სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა.
მისივე განცხადებით, ამ ადამიანმა ბოლოს წერილი გამოუგზავნა სამსახურში, სადაც წერდა, რომ თუ 20 მაისამდე არ დაუბრუნებდა მისთვის წართმეულ ქონებას, სახლის კარს შეუმტვრევდა…
„მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს!", — წერს ჟურნალისტი და აცხადებს, რომ ამიერიდან იარაღის ტარებას იწყებს, რადგან არ უნდა მარტო დარჩეს საფრთხისა და პრობლემების წინაშე, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, მიუხედავად მისი არა ერთი მიმართვისა პოლიციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება ინგა გრიგოლიას განცხადების საფუძველზე, რომელიც მის მიმართ მუქარას უკავშირდება.