თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 112-ში ყველაზე მეტი შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით შევიდა, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
ორგანიზაციამ 112-ში განხორციელებული ზარების 2013-2017 წლების სტატისტიკა შეადგინა, რომლის თანახმადაც შარშან 112-ში 1 653 995 ადამიანმა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად დარეკა, 391 478-მა — საპატრულო პოლიციის, ხოლო 114 054-მა კი სახანძრო/სამაშველოს.
ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს თითქმის 3-ჯერ გაიზარდა რეგიონებში 112-ით საპატრულო პოლიციის გამოძახების რაოდენობა.
სახანძრო/სამაშველოს გამოძახების რაოდენობა კი თბილისში ბოლო წლებში შემცირდა, ხოლო რეგიონებში — გაიზარდა.
ბოლო პერიოდში 112-ის ცენტრში ცვლილებები განხორციელდა — შეიქმნა მობილური აპლიკაცია, ხოლო ოპერატორებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ — გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ის ოპერატორს უფლება ექნება დაზარალებული მოსწავლის საცხოვრებელი მისამართი სახელითა და გვარით, ან სკოლის მონაცემებით დადგინოს.
საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო „112" გადაუდებელი დახმარების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით 2012 წელს შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი სამი საგანგებო სამსახურის მართვის ცენტრს აერთიანებს — სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.